მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობებით მოხდება ხორბლის იმპორტის სუბსიდირება? - პროგრამის დეტალები

5e9b3c4389c34
BM.GE
18.04.20 21:39
1627
მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, ამ სახელმწიფო პროგრამის მიზანია არასაფურაჟე ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება.

გარდა ამისა, პროგრამის ამოცანას ქვეყანაში ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მარაგების შექმნის სტიმულირება წარმოადგენს.

დადგენილებაში პროგრამის პირობები და შეზღუდვები დეტალურად არის გაწერილი:

"მუხლი 4. პროგრამის პირობები და შეზღუდვები

1. პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის საქართველოში ხორბლის იმპორტის მიზნით სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:

ა) სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;

გ) პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე;

დ) პოტენციური ბენეფიციარები დააფიქსირებენ ყოველ ერთ ტონა იმპორტირებულ ხორბალზე გადაანგარიშებით მისაღები სუბსიდიის ოდენობას და ხორბლის იმ მოცულობას, რომლის იმპორტსაც ისინი განახორციელებენ პროგრამის ფარგლებში;

ე) სააგენტო, პროგრამის პირობების გათვალისწინებით, პოტენციურ ბენეფიციარ(ებ)თან სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმებას განახორციელებს შემდეგი პრინციპით: უპირველესად ხელშეკრულება გაფორმდება იმ პოტენციურ ბენეფიციართან, რომელსაც განაცხადში დაფიქსირებული ექნება სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ ტონა ხორბალზე გადაანგარიშებით. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესი თანხით შემოთავაზებული მოცულობა ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ფარგლებში საიმპორტო რაოდენობას, ხელშეკრულება გაუფორმდება შემდეგი უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ ბენეფიციარს და გაგრძელდება ამავე პრინციპით, სანამ არ იქნება შევსებული პროგრამით დადგენილი ხორბლის რაოდენობა. ამასთან, ბენეფიციარის მიერ სუბსიდიის თანხა უნდა დაფიქსირდეს უცხოურ ვალუტაში და შესაბამისი კურსით ლარში განაცხადის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით;

ვ) სუბსიდია გაიცემა ეროვნულ ვალუტაში ბენეფიციარის მიერ მიმწოდებელ კომპანიასთან საბანკო გადარიცხვ(ებ)ით განხორციელებული ანგარიშსწორების დღეს დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ ხორბლის იმპორტის შემდგომ, საქართველოს არარეზიდენტი მიმწოდებელი კომპანიისგან ხორბლის შეძენის შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაციით და საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო საქართველოს რეზიდენტი მიმწოდებელი კომპანიისგან ხორბლის შეძენის შემთხვევაში ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურით და საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით დადგინდება, რომ ბენეფიციარის მიერ, ხორბლის მიმწოდებელი კომპანიისთვის გადახდილია იმაზე ნაკლები ფასი, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო სააგენტოში განაცხადთან ერთად წარმოდგენილ ინვოისში/ხელშეკრულებაში, სუბსიდიის თანხა შემცირდება შესაბამისი ოდენობით;

თ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 40 000 ტონა ხორბლის იმპორტის სუბსიდირება.

2. სუბსიდირება განხორციელდება ამ დადგენილების ამოქმედების თარიღიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.

3. სუბსიდირება არ განხორციელდება "პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №185 დადგენილების ფარგლებში იმპორტირებულ ხორბალზე", - წერია მთავრობის დადგენილებაში.

აღნიშნულ პროგრამას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.