მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებს ხედავს კერძო სექტორი კანონპროექტში კლინიკების რეგულირების შესახებ?

5efafe308a30d
თათია ჩაფიჩაძე
30.06.20 12:45
918
"რეგულირება უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ რისკი არ უნდა არსებობდეს იმის, რომ კლინიკის შეჩერების გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს რგოლის ამოვარდნით, 2-3 ადამიანზე იქნება დამოკიდებული", - ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება.

მაია მახარაშვილის თქმით, სამინისტრო სექტორის წარმომადგენლების გვერდის ავლით მოქმედებს, რაც ბაზარზე მდგომარეობას როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად გააუარესებს.

"სექტორის დამოკიდებულებაა ის, რომ უნდა მომხდარიყო და მოხდეს მეტ დაინტერესებულ მხარესთან ერთად ცვლილებათა პაკეტის განხილვა. მწვავეა შეჩერების მცნების შემოტანა. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სასამართლოს როლი და შეჩერებამდე არსებული შუალედური ეტაპები დაიკარგა. გარდა ამისა, დიდი პრობლემაა ის, რომ არ არის გაწერილი დეტალები, როგორ უნდა აღსრულდეს ეს პროცესი, რაც რისკებს ქმნის. კანონში ჩანაწერის შემდეგ, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მხარეს რჩება იმ დეტალების გაწერა, რა დეტალებითაც მოხდება შეჩერების პროცედურა და ამის შესახებ არაფერი ვიცით.

გვესმის, რომ ყველა დეტალი სექტორთან ვერ შეთანხმდება, მაგრამ ასეთი სერიოზული საკითხები უნდა ვიცოდეთ.
რეგულირება უნდა არსებობდეს და უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ რისკი არ უნდა არსებობდეს იმის, რომ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს რგოლის ამოვარდნით მოხდება. დღეს ჩანაწერი ამბობს, რომ მას მერე, რაც კლინიკა გამოასწორებს დარღვევას, იქიდან 20 დღის ვადაში უნდა შემოვიდეს რეგულირების სააგენტო და ან აღგიდგინოს ან არა, წარმოდგიდენიათ ეს ერთთვიანი შეჩერება რა შედეგს გამოიღებს? და მაშინ, როცა ეს 2-3 ადამიანზე იქნება დამოკიდებული? არა იმიტომ რომ განსაკუთრებული ინტერესით შემოვა შემმოწმებელი, არამედ იმიტომ, რომ კანონი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ეს თუ დეტალურად აი გაიწერა, დავრჩებით 2 შემმოწმებლის ანაბარა", - განაცხადა "საქმიანი დილის" ეთერში მახარაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, უწყება სასამართლოს განჩინების გარეშე კლინიკების შემოწმების უფლებას ითხოვდა, რაც სამედიცინო სექტორთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, არც ჯანდაცვის და არც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა მოიწონეს. საბოლოოდ, გასულ კვირას რომან კაკულიას კომიტეტმა კანონპროექტს ორი დათქმით დაუჭირა მხარი - გადაწყდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაჩქარებული წესით არ მოხდებოდა და მეორე - სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის შეჩერება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ტექნიკური რეგლამენტით აღმოჩენილი შეცდომა ადამიანის სიცოცხლეს ან ეპიდემილოგიური მდგომარეობის გაუარესებას ეხება. იმავე დღეს, 25 ივნისს პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძე მივიდა, მაგრამ ის არა - კლინიკების წარმომადგენლებს და ექიმებს, არამედ მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდა და თან სხვა თემაზე. საკითხის განხილვა პარლამენტის ჯანდდაცვის კომიტეტში დღეს გაგრძელდება.