საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებმა 2025 წლამდე საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა უნდა მოასწრონ. პროცესი კლინიკებმა უკვე დაიწყეს და ხარისხის ახალ სტანდარტზე მოსარგებად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმეს.
ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი ამბობს, რომ პროცესებში დღეს მთავარი გამოწვევა ფინანსური რესურსის ნაკლებობაა. მისი თქმით, აკრედიტაციის პროცესი მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს, ხოლო იმ ფონზე, როცა ჯანდაცვის სექტორს სახელმწიფოს მხრიდან დადგენილი არაერთი სტანდარტი დაკმაყოფილება ბოლო წლებში ისედაც მოუწია, კლინიკებისთვის ამ მიმართულებით შესაბამისი ფინანსების მოძიება გამოწვევაა. მაია მახარაშვილის თქმით, ეს პრობლემა უფრო მწვავედ რეგიონებში დგას.
“იოლი პროცესი არ არის, რადგან მოითხოვს საკმაო ფინანსურ რესურსს, რაც გჭირდება ერთი მხრივ ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, რასაც აკრედიტაცია აწესებს. მთავარი უსაფრთხოებაა და ეს ჩვენი კანონმდებლობით ისედაც გაწერილ იყო, ვგულისხმობ სახანძრო უსაფრთხოებას, შრომის უსაფრთხოება და ა.შ, თუმცა საერთაშორისო აკრედიტაცია მეტად მომთხოვნია. ეს მოითხოვს რა თქმა უნდა, ფინანსურ რესურსს.
ფინანსური რესურსი საჭიროა იმის გამოც, რომ კლინიკებს საკმაოდ მწირი აქვთ ადამიანური რესურსებიც - კლინიკებისთვის ესეც გამოწვევაა. კლინიკების სტრუქტურა ასეთია, მასა არის დასაქმებულების ექიმები, ექთნები, ექთნის დამხმარე და სხვა. ადმინისტრაციული ჯგუფი ყოველთვის ნაკლებია რაოდენობრივად. აკრედიტაცია ითხოვს საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტირებას. არ მინდა რომ ვინმეს ეგონოს, რომ ხარისხი აქამდე არავის არ აინტერესებდა, რა თქმა უნდა ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ცდილობს.
უბრალოდ აკრედიტაცია ადგენს ამ ყველაფრის წესებს და ითხოვს დოკუმენტირებას. ბევრი ქაღალდის სამუშაო ჩნდება, რომლის რესურსიც კლინიკებს ძალიან მწირი აქვთ, იმიტომ რომ ის ხალხი, რომელიც ყოველდღიური საქმით არის დაკავებული ამის დრო არ აქვს და მეორე უნარ-ჩვევებიც ძალიან მწირია იმისი, რომ ადამიანებმა სხვა საქმიანობასთან ერთად დოკუმენტები შექმნან და წერონ, “- ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება კლინიკებს 2025 წლიდან აქვთ, საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს.