მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მარტო ერთ კოდში ცვლილება, დიდ ეფექტს ვერ გამოიწვევს“ – რა სქემით დაფინანსდება რეანიმაციული სერვისები?

მაია მახარაშვილი

სექტემბრიდან მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსება იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის საპილოტე ეტაპზე ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება.

ახალი ტარიფები რეანიმაციულ მომსახურებაზე ჯერ ძალაში არ შესულა, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში bm.ge-ს განუცხადეს, ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტების მომსახურებაზე გაზრდილი ანაზღაურება თვის ბოლომდე ამოქმედდება. სამედიცინო სექტორს იმედი აქვს, რომ სამომავლოდ სატარიფო ცვლილებები ყველა რეანიმაციულ შემთხვევაზე გავრცელდება.

უკვე ცნობილია, რა სქემით მოხდება კლინიკების დაფინანსება. ჯანდაცვის ასოციაციაში განმარტავენ, რომ კლინიკები დამატებით დაფინანსებას საავადმყოფოში პაციენტის 25-დღიანი დაყოვნების შემდეგ, დღიურად მიიღებენ. 25 დღემდე კი არსებული ტარიფი შენარჩუნდება. რეანიმაციული მომსახურება გარკვეული პერიოდის შემდეგ წავა რეგრესით, თუმცა მინიმალური თანხა, რაც ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტების რეანიმაციულ მომსახურების ტარიფს დაემატება 140 ლარი იქნება.

ჯანდაცვის ასოციაცია სამინისტროს ინიციატივას პოზიტიურად აფასებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სატარიფო ცვლილებები მხოლოდ ერთ კოდს შეეხება, მაია მახარაშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე კლინიკებისთვის რაიმე მნიშვნელოვან ეფექტზე საუბარი ვერ იქნება.

„ფიქსირებული ტარიფი, როგორიც იყო დარჩა, მცირე ნაზარდით. ეს გადაწყვეტილება შეეხო ძირითადად ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტებს, ანუ 25 დღის შემდეგ უკვე დღიური ანაზღაურება დაიწყება ასეთი პაციენტის, თუმცა ეს არ იქნება მუდმივი, ბიჯები იქნება, 5 დღეში ერთხელ მოხდება ამ ტარიფის შემცირება. ძალიან ხანგრძლივი დაყოვნების მდგომარეობაში მინიმუმ 140 ლარი დღეში დაერიცხება კლინიკას.

ამის ეფექტზე ადრეა ახლა საუბარი, რადგან მხოლოდ ერთ კოდზეა საუბარი და კრიტიკული პაციენტები სხვადასხვა ნოზოლოგიებით არიან და მარტო ერთ კოდში ასეთი ცვლილება დიდ რაიმე ტიპის ეფექტს ვერ გამოიწვევს. პოზიტიურია, რომ დაიწყო და გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,-აცხადებს bm.ge-სთან ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი.

სამედიცინო სექტორს იმედი აქვს, რომ სამინისტრო დაფინანსების სქემას სხვა სამედიცინო მომსახურებებზეც გადახედავს, მათ შორის კრიტიკულ, კომბინირებულ და მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებზე, რადგან სექტორს დღემდე მიაჩნია, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის პირობებში სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსება ადეკვატური არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები