მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაციენტს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს - ჯანდაცვის ასოციაცია DRG-ში თანაგადახდის სისტემის შემოღების ინიციატივაზე

მაია მახარაშვილი

ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრაზე DRG სქემის ფარგლებში მაღალტექნოლოგიური ოპერაციების მიმართულებით თანაგადახდის სისტემის შემოტანაზე საუბარი შედგა.

როგორც ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე BMG-სთან აცხადებს, საუბარი შეეხო საპილოტე რეჟიმში რიგ მანიპულაციებზე პაციენტის მხრიდან თანაგადახდის სისტემის დანერგვის საკითხს.

მაია მახარაშვილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში პაციენტს უფლება ექნება, შედარებით ძვირი მაღალტექნოლოგიური ოპერაციის ჩატარებისას, წინასწარ განსაზღვრულ სახელმწიფო დაფინანსებას თანხა თავად დაამატოს, ისე რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება არ მოუწიოს.

თუმცა მისი თქმით, ამ შემთხვევაში გარკვეული რისკები უნდა განისაზღვროს, მათ შორის ე.წ. ჯიბიდან გადახდის ზრდის რისკები.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრაზეც გაჟღერდა, რომ მაღალტექნოლოგიური ოპერაციების მიმართულებით ცვლილებებზე მიდის მუშაობა. ყველაფერს ერთად ვერ მოიცავს ეს ცვლილებები, მაგრამ შესაძლებელია, რომ რამდენიმე მიმართულებაზე პილოტირება გაკეთდეს. შესაბამისად, დაშვებული იყოს არჩევანი მაღალტექნოლოგიური დამხმარე საშუალებების, რომელიც თანაგადახდას მოითხოვს. თუ ამის სურვილი და საშუალება აქვს პაციენტს, ამის დაშვება მოხდეს. ეს გასაზომი და ასაწონია, არის თუ არა რაიმე რისკებთან დაკავშირებული. ზოგადად, პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე, არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს მას, თუმცა ეს სამსჯელო საკითხია.

ეს პრინციპი ადრე იყო, როდესაც ნაწილს სახელმწიფო იხდიდა, იმის ზემოთ გარკვეულ განსხვავებას კი პაციენტი ამატებდა. დღეს DRG დაფინანსების სიტემის ფარგლებში თანადაფინანსება შეიზღუდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი დამატებითი მომსახურებას სურს პაციენტს, იგი სრულად უნდა გამოვიდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და თანხა სრულად უნდა გადაიხადოს. ამ შემთხვევაში, თუ კი ეს დაიშვება, პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება და სურვილის შემთხვევაში, დაამატებს თანხებს“, - აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ DRG დაფინანსების სქემის ფარგლებში განიხილება ცვლილებები როგორც მაღალტექნოლოგიური, ასევე კომბინირებული ოპერაციების მიმართულებით. მიხეილ სარჯველაძის თქმით, არაა გამორიცხული, რომ მაღალტექნოლოგიური ოპერაციების შემთხვევაში, თანაგადახდის სისტემა შემოვიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები