ჰოსპიტალური სექტორი DRG სისტემის მექანიზმის ცვლილების მოლოდინშია.
როგორც ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების მოდელის რიგი მიმართულებებით გადახედვაზე მზაობა არსებობს.
მაია მახარაშვილის ინფორმაციით, ძირითადი ცვლილებები რეანიმაციისა და კომბინირებული ჩარევების ტარიფებს შეეხება, რაც დღეს კლინიკებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემაა. მისივე თქმით, ასოციაციამ შესაბამისი კალკულაციები უწყებას უკვე მიაწოდა და მოლოდინია, რომ სამინისტროსთან კონკრეტული შეთანხმება უახლოეს კვირებში შედგება.
“გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრა შედგა და ბოლო გადაწყვეტილებებისკენ მივდივართ. რეანიმაციის ტარიფი რომ შესაცვლელი, დასახვეწი და გასაუმჯობესებელია, ხოლო კომბინირებული კოდების ასე დატოვება არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კარგია, რომ ამის ნება არსებობს. გარკვეული სამუშაო ამ მიმართულებით ჯანდაცვის ასოციაციას უკვე ჩატარებული აქვს და იმედი გვაქვს, ორი კვირის განმავლობაში ეს მუშაობა გაგრძელდება და საბოლოოდ შედეგამდე მივალთ.
საუბარია იმაზე, რომ დღეს DRG სისტემა კომბინირებულ ოპერაციებს ერთიანად აღიქვამს და გამოდის, რომ მეორე გუნდმა აბსოლუტურად შემოსავლის გარეშე უნდა გასწიოს მომსახურება. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეეხება რეანიმაციის მიმართულებას, შევჯერდით, რომ ის ტარიფი, რაც დღეს დევს, რეალობას არ შეესაბამება და არაადეკვატურია. თუმცა აქ მხოლოდ ტარიფის გაზრდაზე არაა საუბარი, მთლიანობაში რეანიმაციის დაფინანსების უფრო ადეკვატური სისტემაა მოსაფიქრებელი”, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.
ის რომ დაფინანსების DRG მოდელთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმაც დაადასტურა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სწორი მოდელის შემუშავებაზე მიდის მსჯელობა.