ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ DRG-სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა და არსებობს მიმართულებები, რომელთან დაკავშირებითაც ცვლილება უნდა იყოს.
DRG-სისტემაში ცვლილებების აუცილებლობაზე მიხეილ სარჯველაძე პოსტზე მოსვლის დროიდან საუბრობს. მარტში მინისტრი აცხადებდა, რომ DRG სისტემის სრულყოფისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მსჯელობა დასჭირდებოდათ. ამ დროის შემდეგ სარჯველაძეს ჟურნალისტების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ უპასუხია.
დღეს კი მინისტრი აცხადებს, რომ მიმდინარეობს უკეთესი გამოსავლების ძიება, რომ სისტემა უფრო ჯანსაღი გახდეს.
„DRG-ზე არაერთხელ თქმულა და აქტიურად მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით მსჯელობა. არის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ ცვლილება უნდა იყოს. ცვლილების საჭიროებას ჩვენ ვხედავთ, უბრალოდ ვეძებთ რა იქნება საუკეთესო ალტერნატივა. შეხვედრები და მუშაობა მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. პარლამენტთან ერთად გვაქვს აქტიური მუშაობა სექტორთან და მიმდინარეობს მსჯელობა ყველა ამ საკითხის ირგვლივ.
არსებული რეგულაციის ნაკლოვანებაზე საუბარი აპრიორი არ ნიშნავს, რომ უკეთესი ალტერნატივა არის მონახული. ვეძებთ უკეთეს გამოსავალს, უკეთეს რეგულაციას. მომენტალურად ზღვრის გაზრდა არ არის აპრიორი გამოსავალი, აუცილებელია სწორი მოდელის შემუშავება იმისთვის, რომ დაფინანსების მოდელი იყოს ჯანმრთელი და ჯანსაღი", - განაცხადა სარჯველაძემ.