მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG სისტემის სრულყოფისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მსჯელობა დაგვჭირდება - სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, DRG-ის მექანიზმის დახვეწისა და მასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის მსჯელობა იქნება საჭირო. როგორც ჯანდაცვის უწყების ახალმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, სტანდარტული რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ამ შემთხვევაში სამინისტრო იმოქმედებს, არ არსებობს.

“ჩვენ ვიცით, რომ DRG არის მეთოდი და ინსტრუმენტი იმისა, თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო სერვისის ანაზღაურება. ნებისმიერი მეთოდის ავკარგიანობა უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, რამდენად სრულყოფილად მუშაობს და რამდენად სამართლიანად უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესის დაკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ალბათ ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება სრულვყოთ არსებული სისტემა და აღმოვფხვრათ მისი ნაკლოვანებები, რაც შეიძლება არსებობდეს და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება.

არ არსებობს ერთიანი სტანდარტული რეცეპტი, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. მნიშვნელოვანია, რომ სისტემა, რომელიც იქნება არჩეული, იმგვარად ფუნქციონირებდეს, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს”, - განაცხადა ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა.

კითხვაზე - შეხვდება თუ არა მინისტრი კლინიკების დირექტორებს, რომლებიც DRG-ის მექანიზმს აკრიტიკებდნენ, მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა:

“ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ, როგორი იქნება მსჯელობის და დისკუსიის ფორმატი, ამაზე თავად მათთან მოვრიგდებით”.

ცნობისთვის: სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

DRG სისტემის დანერგვამ რიგი სამედიცინო დაწესებულებების და ექიმების პროტესტი, ისი შემოღების პირველივე ეტაპზე გამოიწვია.

ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ კი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, რომელსაც მინისტრმა ყურადღებას უნდა მიაქციოს სწორედ DRG მოქმედი მოდელის გადახედვა დაასახელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები