ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა. ადგილზევე განთავსდება ბავშვთა ინფექციური განყოფილებაც, რის შედეგადაც, ნებისმიერ პაციენტს თანამედროვე სტანდარტების მომსახურების მიღება შეეძლება.
"წინა ხელისუფლების დროს დაშვებულია შეცდომები იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ინფექციურ სნეულებებთან ბრძოლის მიმართულება. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული. დიდი ხანი დასჭირდა, მაგრამ რეალურად ადგება საშველი იმას, რომ დაწესებულებას, რომელსაც აქვს სერიოზული შესაძლებლობა, რომ ძალიან სერიოზულ საფრთხეებს ააშოროს ქვეყანა, ექნება გამართული, თანამედროვე, საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება, ინფრასტრუქტურა და ექნება შესაძლებლობა, რომ დაბრკოლებების გარეშე შეძლოს აქ მომუშავე ადამიანებმა მათი მოვალეობების შესრულება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თავის მხრივ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკა სრულად დაფარავს მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციების პრობლემას.
"დღეს ეს საავადმყოფო საქართველოში არის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე გამართული, როგორც ტექნოლოგიურად, ისე ვიზუალურად. ეს არის კლინიკა, რომელიც ვფიქრობ, მთლიანად დაფარავს მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციების პრობლემას", - თქვა ცერცვაძემ.
აღსანიშნავია, რომ ახალ შენობაში თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებებიც მოეწყობა.
bm.ge დაინტერესდა, თუ როდის გაიხსნება რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ვადის დასახელება ამ დრომდე არ შეუძლიათ.