DRG-ის სქემით დაფინანსების მექანიზმის ცვლილების აუცილებლობა ისევ დღის წესრიგშია. სქემის განახლებისთვის სტაბილური ინსტრუმენტების შექმნაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც. მან ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა არ დააკონკრეტა რა ინსტრუმენტების შექმნაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ის დაეხმარება მოდელის სისტემურად გაუმჯობესებას.
ის რომ DRG-ის მოდელი ხარვეზიანია, ამაზე საჯაროდ საუბარი სექტორის წარმომადგენლებმა ამოქმედებიდან მალევე დაიწყეს. ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ზოგიერთი სამედიცინო სერვისის ღირებულება გაიზარდა თუმცა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რიგ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის ღირებულებას სახელმწიფო დაფინანსება ვერ ფარავს.
ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი ამბობს, რომ დღეს ძირითადი პრობლემები რეანიმაციისა და კომბინირებული ოპერაციების მიმართულებით არსებულ დაფინანსების სქემას უკავშირდება. გამოწვევად რჩება სახელმწიფოს მხრიდან თანხის დროულად ჩარიცხვის საკითხიც.
“სამუშაო პროცესი იყო, გარკვეული დრო დაგვჭირდა ასოციაციას იმისთვის, რომ არსებული კრიტიკული პრობლემების, მაგალითად რეანიმაციის და კომბინირებული ოპერაციების დაფინანსების ტარიფი, მონაცემები დაგვემუშავებინა და სამინისტროსთვის მიგვეწოდებინა. გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი კვირიდან შეხვედრები დაიწყება და იმედი გვაქვს, გადაწყვეტილებამდე მივალთ.
ცალსახაა, რომ ეს ორი კოდი არის ნამდვილად გადასახედი და ცვლილებებია შესატანი. ისევ ძალიან კრიტიკულად რჩება გაწეული მომსახურების დამუშავება და დროული ჩარიცხვები. ახალ მინისტრთანაც გვისაუბრია ამაზე და გასაგებია რომ პროცესიც გაიწელა DRG-ის პირობებში, დიდი მოცულობის მონაცემია და ალბათ ჭირს ამის სწრაფად დამუშავება, მაგრამ მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ საკითხზეც ვისაუბრებთ შეხვედრაზე, თუკი შეხვედრები ჩაინიშნება. კლინიკები ძალიან კრიზისულ სიტუაციაში არიან დაგვიანებული ჩარიცხვების გამო", - ამბობს მაია მახარაშვილი.