სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს და ე. წ შემავსებელი პაკეტების აღდგენას აყენებენ დღის წესრიგში. კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოსა და სადაზღვევოების სინერგიით ასეულობით მილიონი ლარის დაზოგვაა შესაძლებელი.
დღეს არსებული მოდელით, მოსახლეობის დიდი ნაწილი კერძო დაზღვევით სარგებლობისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშება, სადაზღვევო ინდუსტრიას კი მიაჩნია, რომ ეს უსამართლოა და მოქალაქეებს სახელმწიფოსთან ერთად კერძო დაზღვევით სარგებლობის და იმ სერვისების შევსების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს.
დღეს მოქმედი მოდელით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კერძო დაზღვევით სარგებლობა მხოლოდ პენსიონერებს და ბავშვებს შეუძლიათ. ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, თუ სახელმწიფო პროგრამის ყველა ბენეფიციარს საშუალებას მისცემს კერძო დაზღვევით ისარგებლოს, ეს პირველ რიგში პაციენტების ჯიბიდან დანახარჯებს შეამცირებს და ბუნებრივია, სახელმწიფოც ხარჯების შეკავებას და მის ეფექტიან მართვას შეძლებს.
„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ამაზე და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დაშენების მექანიზმი შემოვიდეს. დაშენების დაშვება არის პენსიონერებში და ძალიან კარგია. თუ პენსიონერების ოჯახის წევრებს აქვს იმის საშუალება, რომ დაზღვეული იყოს პენსიონერი, ამით დამატებითი ბენეფიტებია, იგივე მედიკამენტებზე თანაგადახდა, ამბულატორიულ კვლევებზე თანაგადახდები და სტაციონარის შემთხვევაში თანაგადახდაში მონაწილეობა.
ჯანდაცვა ძვირდება, არ იაფდება და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტზე ამის ჩამოკიდება ფაქტია ძალიან რთულია. დამატებითი ასეთი მექანიზმების ჩართვა ვფიქრობთ, შეღავათი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც და რა თქმა უნდა შეღავათი იქნება მომხმარებლებისთვის, რადგან პირდაპირ ჯიბიდან გადახდა გაცილებით დიდი ტვირთია, ვიდრე სადაზღვევო სქემაში ჩართვა",- აცხადებს მაია მახარაშვილი.