მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს სამედიცინო დაზღვევის პოლისების 10-12%-ით გაძვირებაა მოსალოდნელი - არდი

ჯანმრთელობის დაზღვევა

სადაზღვევო კომპანია „არდიში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს სამედიცინო დაზღვევის პაკეტების დამატებით 10-12%-ით გაძვირებაა მოსალოდნელი.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ჯანმრთელობის დაზღვევა შარშანაც ანალოგიური მაჩვენებლის ფარგლებში იყო გაძვირებული. მიხეილ ჯაფარიძის თქმით, ამ მიმართულებით გავლენას ისეთი ფაქტორები ახდენს როგორიცაა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებასა და პროდუქციაზე ფასების ზრდა.

რაც შეეხება ავტოდაზღვევას, კომპანიაში ამბობენ, რომ შარშან ამ მიმართულებით წლიურად ფასები მნიშვნელოვნად, 20-25%-ით იყო გაზრდილი, თუმცა წელს ავტოდაზღვევაზე ფასების მკვეთი ზრდა მოსალოდნელი აღარაა.

„ჩვენ პირდაპირ ვართ დამოკიდებული სხვადასხვა დარგში არსებულ ინფლაციაზე და ფასების ზრდაზე. შარშან ყველაზე მკვეთრად ფასები ავტოდაზღვევაზე იყო გაზრდილი, რადგან ავტონაწილები იყო გაძვირებული. წელს მსგავსი ზრდა აღარაა მოსალოდნელი, სავარაუდოდ, პაკეტებზე ფასების ზრდა 10-15%-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება სამედიცინო დაზღვევას, აქ ფასები ბოლო პერიოდში უფრო მეტად პროგნოზირებადი გახდა და ველოდებით, რომ შარშანდელის მსგავსად, პოლისები 10-12%-ის ფარგლებში იქნება გაძვირებული. ჯანმრთელობის დაზღვევაზე გავლენა აქვს როგორც უშუალოდ სამედიცინო ინფლაციას, ასევე ე.წ. ფარულ ინფლაციას, რაც დაზღვეულების მიერ პოლისებით სარგებლობის სიხშირეს უკავშირდება. ზოგადად, რაც უფრო მეტად მარტივდება სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა და სხვადასხვა სერვისები უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება, მოქალაქეების მიერ დაზღვევის გამოყენების სიხშირეც იზრდება“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პირველი კვარტალის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიებს ჯამში 731 140 სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პაკეტი აქვთ გაცემული. წლიურად გაცემული პაკეტების რაოდენობა 21,070-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები