სადაზღვევო კომპანია „არდიში“ აცხადებენ, რომ გასულ წელს სექტორი მოლოდინების შესაბამისად გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპი კვლავ არაა დამაკმაყოფილებელი.
როგორც „არდის“ გენერალურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის ზრდაში დიდი წილი სადაზღვევო პოლისების გაძვირებაზე მოდის და არა დაზღვეულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე.
მიხეილ ჯაფარიძის თქმით, კვლავ ნელი ტემპებით იზრდება ჯანმრთელობის და ავტო დაზღვევის მიმართულებები.
„2024 წელს რა მოლოდინებიც ჰქონდა ბაზარს, დაახლოებით ის რეალობა დაჯდა. გასულ წელს ბაზარი დაახლოებით 18%-ით გაიზარდა. შესაბამისად, დინამიკა კარგია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ არანაირი ტიპის სტიმულები ბაზარზე არ ყოფილა. ძირითადი სახეობა კვლავ სამედიცინო დაზღვევა, ავტო და ქონების დაზღვევებია. კომპანიების მარჟა და ფინანსური მოგებიანობა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა იმისგან, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით საინვესტიციოდ საინტერესო გახდეს. თუმცა ტრენდი უმჯობესდება და ეს ძალიან კარგია.
ამ დროისთვის საქართველოში 138 ათასი ავტომობილია დაზღვეული, შედარებით მეტი ვიდრე გასულ წელს, თუმცა მაინც ძალიან მცირეა. ტრენდი ისეა, რომ ავტომობილების რაოდენობა ბევრად სწრაფად იზრდება ქვეყანაში, ვიდრე დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა. ავტოდაზღვევაში გასულ წელს მხოლოდ დაახლოებით 12 ათასი ახალი ავტომობილი დაემატა ბაზარს, რაც ძალიან ცოტაა. ასევეა სამედიცინო დაზღვევაშიც. შარშანდელთან შედარებით ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა მხოლოდ 3%, 20 ათასით გაიზარდა.
[სადაზღვევო პრემიის] ზრდის ძირითადი ფაქტორი სამედიცინო და ავტოდაზღვევაა. ამის განმაპირობებელი ძირითადად ფასის ზრდა იყო, რასაც შარშან ადგილი ჰქონდა და წელსაც უფრო ნაკლები პროცენტით, თუმცა ტემპი იგივეა. ფასით იზრდება ბაზარი და არა გარკვეული პენეტრაციით და შეღწევით ბაზარზე, შეღწევაც არის, მაგრამ ტემპი გაცილებით ნაკლებია“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, 2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ (შემოსავალმა) პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან თითქმის 1.3 მილიარდი ლარი (1 259 მილიონი ლარი) იყო. წლიური ზრდა 195 მლნ ლარს შეადგენს.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 307 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგება კი 127 მილიონი ლარი იყო.