2023 წელის პირველი სექტემბრიდან, რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებისთვის რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტი სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემოიღო. 1 სექტემბრიდან საქართველოში მოქმედი ყველა დაწესებულება, რომელიც რეანიმაციული სერვისის მიმწოდებელია ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი სამინისტროს მხრიდან დაწესებული პირობები.
ახალი სტანდარტების შემოღებას თვეების განმავლობაში კრიტიკულად აფასებდა კერძო სექტორი. ბიზნესის წარმომადგენელში აცხადებდნენ, რომ დათქმულ ვადებში შესაბამის სტანდარტებზე გადაწყობა არაერთ სამედიცინო დაწესებულებას გაუჭირდებოდა. შესაბამისად, ისინი ისინი აქტიურად საუბრობდნენ რეანიმაციული საწოლების დეფიციტის რისკზეც.
როგორც ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე BM.GE-თან აცხადებს, ზუსტი სტატისტიკა ამ დროისთვის არ აქვთ, მაგრამ მათი ასოციაციის წევრებს შესაბამისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეანიმაციული საწოლების შემცირება მოუწიათ.
“ყველას მოუწია რეანიმაციული საწოლფონდის შემცირება, იმიტომ რომ დადგენილი პირობებით იმ გეომეტრიაში სხვანაირად ვერ ჩაეტია საწოლების რაოდენობა. ამას დროის განმავლობაში დავინახავთ რამდენად აისახება ეს ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობაზე. ამ სტანდარტის დანერგვისთანავე გადაწყობა მაშინვე არავის დაუწყია, სულ იყო იმის მცდელობა რომ უფრო ადეკვატური სტანდარტები ყოფილიყო. გვქონდა მოლოდინი, რომ ამაზე წამოვიდოდნენ”, - ამბობს მაია მახარაშვილი და დასძენს, რომ ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების სიმცირე ისედაც იყო.
მისივე ინფორმაციით, ახალ სტანდარტებზე მოსარგებად ხეჩინაშვილის კლინიკამ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა 12-დან 9-მდე შეამცირა.
ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ რეანიმაციული საწოლების შემცირება ყველაზე მეტად რეგიონში არსებულ კლინიკებს დაარტყამს, რადგან იქ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა.
"მთელ პროცესს რომ შევხედოთ, რეანიმაციული საწოლები წლების განმავლობაში საკმაოდ მწვავე თემა. ჩვენ 520-ე დადგენილების ფარგლებშიც არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, რადგან რეანიმაციის დაფინანსების რესურსი არსებობდა. ამასთან გაიხსნა მხოლოდ რეანიმაციული დარბაზები და ისინიც დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. რაც შეეხება მულტიპროფილურ კლინიკებს ამ კლინიკებში დიდი რაოდენობით საწოლები ისედაც არ იყო.
მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკის მაგალითზე რომ გითხრათ, რეანიმაცია ფაქტობრივად 100%-ით დატვირთულია. მხოლოდ 12 საწოლი იყო სულ ონკოპაციენტების შიდა მოხმარებისთვის, ამას ემატება გარედან შემოყვანილი პაციენტები. აქ არ იყო არანაირი სიჭარბე, პირიქით ნაკლებობაც კი იყო და რეანიმაციული პაციენტის გადაყვანა სულ საწვალებელი იყო. ახალი სტანდარტი იმას ემსახურება, რომ ის რეანიმაციული საწოლები გაქრეს, რომელიც სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ამის ერთ-ერთი საწინდარი იყო DRG დაფინანსების შემოღება, რომელმაც ფაქტობრივად ამოიღო ის დაფინანსების სქემა, რომელიც მოტივაციას ქმნიდა, რომ ასეთი საწოლები ყოფილიყო. მე ვერ გეტყვით ზუსტ მონაცემს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთი რეანიმაციები გაქრებოდა, იმიტომ რომ აღარ არის მოგებიანი”, - ამბობს მაია მახარაშვილი.
როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან საქართველოში მოქმედი ყველა დაწესებულება, რომელიც რეანიმაციული სერვისის მიმწოდებელია ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი პირობები, რომელიც ითვალისწინებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების შემოღებას. 1 სექტემბრიდან შესაბამისი სანებართვო პირობების გარეშე კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება აღარ აქვს.
რამდენმა კლინიკამ გაიარა შესაბამისი შემოწმება, რამდენმა შეძლო დაწესებული პირობების დაკმაყოფილება და რამდენს განეცხადა უარი- ამ კითხვებზე პასუხს BM.GE ჯანდაცვის სამინისტროს ელოდება.