მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა როლი აქვს ეკონომიკის ზრდაში რუსული კაპიტალის და მიგრანტების შემოდინებას - Fitch-ის შეფასება

63d4e619eec8e
მარიამ ვარადაშვილი
28.01.23 13:09
839
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი “პოზიტიურით” შეცვალა, ხოლო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

ქვეყნის სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებას სააგენტო სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ფისკალური დეფიციტის კლებასა და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას.

მაკროეკონომიკური პარამეტრები: გაუმჯობესებული რეიტინგი ნაწილობრივ დამსახურებაა მაღალი ეკონომიკური ზრდის, საერთაშორისო რეზერვების ზრდისა და პანდემიის შემდეგ ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენით, რაც თავის მხრივ, რუსეთიდან მიგრანტების და კაპიტალის შემოდინებამ განაპირობა. სარეიტინგო სააგენტო წერს, რომ ქვეყანაში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, მთავრობამ ფისკალური დეფიციტის შემცირება მოახერხა.

მთლიანი შიდან პრიდუქტის [GDP] გამორჩეულად მაღალი ზრდა: 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა. შიდა მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდეს მიგრანტებმა, ასევე მკვეთრად გაიზარდა და პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა. Fitch-ის საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მიმდინარე წელს 4.5%-მდე ელის, რისი მიზეზიც რუსეთიდან ფინანსური ნაკადების თანდათან შემცირება იქნება, ასევე შესუსტდება საგარეო მოთხვნა. რაც შეეხება 2024 წელს, საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5%-ით არის მოსალოდნელი.

“დარწმუნებულები ვართ, რომ გასულ წელს დაწყებული მიგრანტების და კაპიტალის შემოდინება მკვეთრად არ შემცირდება, რისი მიზეზიც უკრაინაში მიმდინარე გახანგრძლივებული ომია, რის გამოც მიგრანტები გარკვეულწილად უფრო ჩართულები იქნებიან საქართველოს ეკონომიკაში”, - წერს სააგენტო.

Fich-ი საქართველოს ეროვნული ვალუტის ლარის გამყრებაზეც წერს. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კაპიტალის ძლიერმა შემოდინებამ ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეამცირა, ხოლო ლარი აშშ დოლარის მიმართ გასულ წელს 13%-ით გამყარდა. ასევე გაიზარდა ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, რომ გასულ წელს ქვეყანაში, დაახლოებით, 90 ათასი რუსი და ბელარუსი მიგრანტი შემოვიდა, ფულადი გადარიცხვებით ტრანზაქციები კი 86%-ით გაიზარდა. Fitch-ი 2023-2024 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის საშუალოდ 6.8%-მდე ზრდას პროგნოზირებს, რის ძირითად მიზეზად მიგრანტების გავლენის შემცირებას ასახელებს.

რაც შეეხება ინფლაციას, სააგენტო 2023 წლის ბოლოს ინფლაციის 5.2%-მდე შემცირებას ელის, რასაც მათი შეფასებით, გამოიწვევს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათზე ფასის შემცირება, ასევე ქვეყნის შიგნით მოთხოვნის ნორმალიზება, რამაც მიგრანტების გამო, გასულ წელს პიკს მიაღწია. რაც შეეხება 2024 წელს, წლიურ ინფლაციას სააგენტო 3.9%-ის ფარგლებში პროგნოზირებს.

საგარეო რისკებად სარეიტინგო სააგენტო რუსეთსა და საქართველოს არსებულ კონფლიქტებს ასახელებს და წერს, რომ საქართველოს მთავრობის მცდელობა, დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობები, პოტენციურად კიდევ უფრო ართულებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზანს.