მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შესაძლოა Fitch-მა რეიტინგი შეგვიმციროს“ - რა გავლენა შეიძლება მოახდინოს IMF-ის პროგრამის მიმოხილვის გადადებამ?

64b5a1b2df63e
ალა ისპირიანი
18.07.23 00:15
599
სტატიაში საუბარია:

ეკონომისტმა, აკაკი ცომაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ IMF-ის პროგრამის მიმოხილვის გადადებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტია, რომლის გადაწყვეტილებამაც შესაძლოა Fitch-ის რეიტინგებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს: მსოფლიო ბანკზე; ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკზე; საერთაშორისო საფინანსო სისტემაზე და ზოგადად ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ასეთი მოქმედება რა თქმა უნდა ნეგატიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის საფინანსო სისტემაზე - შეიძლება იმ მოცემულობის წინაშეც დავდგეთ, Fitch-მა მაგალითად საერთაშორისო რეიტინგი BB-დან შეამციროს BB მინუსამდე - ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში ბევრი ყოფილა”, - განაცხადა ცომაიამ.

მისივე თქმით, IMF-ის პროგრამის მიმოხილვის გადადება გავლენას იქონიებს ინვესტორებზეც, რადგან ისინი გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე ახდენენ ქვეყანაში ინვესტიციის დაბანდებას.

"ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს, მაღალი რეპუტაციის ინვესტორებზეც. ისინი ინფორმაციას ენდობიან და მათ შორის საერთაშორისო ფონდის გადაწყვეტილებები ამ ინფორმაციული სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. სავალუტო ფონდი დიდ გავლენას ახდენს ამ აზრის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა მან.

“საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანით, აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუცია არ არის.

„სავალუტო ფონდშიც გარკვეული იყო, რომ ეს პროგრამა შეიძლება შეჩერებულიყო, თუ პარლამენტი ამ კანონს მიიღებდა - ეს ცნობილი ფაქტი იყო, მაგრამ პარლამენტმა ეს მაინც გააკეთა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუცია არ არის“, - ამბობს იგი.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია IMF-ის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება? - იგი შემდეგნაირად პასუხობს:“მოქმედება იწყება გადავადებით და მიდის შეჩერებამდე. გადავადების შემდეგ ხელისუფლებებს აქვთ შანსი, ჩართონ დიპლომატიური მისები და თქვან, რომ გამოასწორეს ან დაარწმუნონ სიმართლეში, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია და ბანკი ეჭვის ქვეშ არ აყენებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხს. ეს არის გზა სანამ გადავადებიდან შეჩერებამდე მივალთ“. 


შეგახსენებთ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებულია, ამის შესახებ bm.ge-ის ფონდში უთხრეს. მათი ინფორმაციით, პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

Fitch-ის ინფორმაციით, "სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება". IMF-ის მისია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ჯერ კიდევ განხილვის დროს აკრიტიკებდა. “საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის,”- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები