ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების გაყიდვა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, - ამის შესახებ bm.ge-ის ფინანსისტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა.
მისი ვარაუდით, ეს მთავრობის დავალებაა, მაგრამ თუ არჩევნები გაყალბდება, ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და შესაბამისად, ვალუტის რყევას, საქართველოს რეზერვები უბრალოდ ვერ ეყოფა.
საქმე ის არის, ეროვნულმა ბანკმა დღეს 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 64.9 მილიონი დოლარი აითვისა.
"ბუნდოვანი გარემოა. რამე კონკრეტული და ხელშესახების თქმა რთულია. ეროვნული ბანკი ყიდის ახლა რეზერვებს იმიტომ, რომ სურს სავალუტო კურსის "დაჭერა" არჩევნების წინ. არ უნდა არჩევნების წინ, ლარმა განიცადოს რყევა, გაუფასურდეს. სავარაუდოდ, აქვს დავალება პირდაპირ მთავრობისგან, ან დავალება ბიძინა ივანიშვილისგან.
ახლა, ამ მოცემულ მომენტში ეკონომიკაში სერიოზული არაფერი ხდება. თუმცა, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თუ "ოცნება" დაიწერს გაყალბებულ არჩევნებს, კაპიტალის გადინებას რეალურად არანაირი რეზერვები არ უშველის. ამ წუთას, ცდილობენ რყევები რომლებიც ბაზარზეა, დაასტაბილურონ", - განაცხადა ფინანსისტმა.
სებ-მა წინა ინტერვენცია 8 ოქტომბერს განახორციელა, რომელზედაც 48.5 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად მხოლოდ მიმდინარე თვეში ინტერვენციების გზით ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113.4 მილიონი დოლარი გაყიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბაზარზე გამოტანილი 70 მილიონი დოლარი და რეალიზებული 64.9 მილიონი დოლარი რეკორდულ ინტერვენციას წარმოადგენს. აქამდე სებ-ის ინტერვენციის მაქსიმალური ოდენობა 60 მილიონი დოლარი იყო.