მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდა მხოლოდ განიხილება, გადაწყვეტილება მიღებული არაა - დავით უტიაშვილი

დავით უტიაშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი ამბობს, რომ რეზერვებში იუანის წილის ზრდის გადაწყვეტილება მიღებული არაა და საკითხი ჯერ მხოლოდ განიხილება.

"ანალიტიკის" ეთერში უტიაშვილმა სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 5-დან 15%-მდე ზრდის გეგმის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას როგორც ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური კავშირები, ისე რეზერვების დივერსიფიკაციის სურვილი უდევს საფუძვლად.

"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული, ეს საკითხი უბრალოდ განიხილება. ამის უკან დგას ის, რომ ჩვენ ვხედავთ, ჩინეთთან ეკონომიკური აქტივობა იზრდება და მათ შორის უფრო და უფრო მეტი ინტერესია, რომ გადარიცხვები, სავაჭრო ტრანზაქციები იუანში განხორციელდეს. იგივე მთავრობას აქვს დამატებითი ინტერესი, რომ მოიზიდოს „პანდა ბონდი“ (ჩინურ იუანში დენომინირებული ობლიგაცია). ვხედავთ მზარდ ინვესტიციებს ჩინეთიდან, მათ შორის - ფინანსურ სექტორში. ამიტომ სავაჭრო ნაკადები და ტრანზაქციები იუანში შეიძლება, გაიზარდოს და სწორედ ეს არის, პირველ რიგში, მოტივაცია, რომ მათ შორის იუანშიც გვქონდეს რეზერვები. მეორე დივერსიფიკაციაა - როგორც ოქრო შევიძინეთ იგივე დოლარის და ევროს რეზერვების მიმართ დივერსიფიცირებისთვის, ასევე იუანი დივერსიფიკაციის ერთ-ერთი გზაა.

ჩვენ ვაანალიზებთ ამ ტენდენციებს, ვუყურებთ იგივე ინვესტიციებს, მთავრობის გადაწყვეტილებას „პანდა ბონდთან“ მიმართებით და ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება, [იუანში რეზერვების ზრდის] გადაწყვეტილება მიიღოს. ამოცანა ზოგადად რეზერვების დივერსიფიკაციაა. რეზერვები დაგვიგროვდა და დაგროვებას ვაგრძელებთ, გვაქვს ახლა უკვე იმის ფუფუნება, რომ მის დივერსიფიკაციაზეც ვიფიქროთ. არ ვართ გამონაკლისი - მსოფლიოში არის მზარდი ტენდენცია, რომ გადადიან მეტად სხვადასხვა ვალუტებში, მათ შორის - იუანში, ოქროში", - ამბობს დავით უტიაშვილი.

იგი ირწმუნება, რომ საკითხს მხოლოდ ეკონომიკური საფუძველი აქვს და პოლიტიკურ მდგენელს ვერ ხედავს.

"ამას, პირველ რიგში, ვამუშავებთ ანალიტიკურად, ის გუნდი, ვინც რეზერვების მართვაზე მუშაობს, უყურებს საერთაშორისო პრაქტიკას, რისკებს, შემოსავლებს. ამ ამოცანის დამუშავება ხდება და შემდეგ უკვე ეროვნული ბანკის მენეჯმენტი იღებს საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყვეტილებას. მე შემიძლია გითხრათ, რომ დისკუსია, რაც შიგნით გვაქვს, არის მხოლოდ რიცხვებზე, ფაქტებზე დაყრდნობილი და ეკონომიკური ინტუიცია არის ამის უკან. რაიმე პოლიტიკურ ნაწილს ამაში ვერ ვხედავ", - ამბობს დავით უტიაშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 5%-დან დაახლოებით 15%-მდე გაზრდას გეგმავს. აღნიშნული გეგმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ოქტომბრის ბოლოს გააჟღერა. 2026 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 8.24 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მოცულობის პირობებში რეზერვების 15% დაახლოებით 1.24 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები