მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი ვიცე-პრეზიდენტი, მათ შორის ერთი პირველი - რა იცვლება სებ-ის შესახებ კანონში?

63e3565414c34
გიორგი არონია
08.02.23 12:10
1126
სტატიაში საუბარია:

დღეს, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარმოადგინეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობით სტუქტურაში არსებული ბუნდოვანი დეტალის შეცვლას ითვალისწინებდა:

"დღეს, სებ-ის პრეზიდენტს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ არის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რამაც, პოტენციურად, შესაძლოა, გაურკვევლობა გამოიწვიოს მაშინ, როცა პრეზიდენტი საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგან ნათლად გაწერილი არ არის, მისი მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს", - სწორედ ასეთია განმარტებითი ბარათში ჩანაწერი. კანონპროექტის ინიციატორთა შეფასებით, ბუნდოვანია ისიც, თუ რა პროცედურით ხდება მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება.

პარლამენტის წევრების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობითი სტრუქტურის შეცვლა შემდეგნაირად იყო დაგეგმილი: საბჭოს თავმჯდომარის გარდა, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგებლობაში უნდა შესულიყო ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. ამგვარად, კანონპროექტის პირველი ვერსიის თანახმად, ეროვნული ბანკს, ჯამში, ოთხი ვიცე-პრეზიდენტი უნდა ჰყოლოდა.

კანონპროექტის აღნიშნულ ვერსიაზე შენიშვნები აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს. როგორც სებ-ის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ ბანკს ხუთი აღმასრულებელი წევრი ეყოლება, ანუ პრეზიდენტი და ოთხი ვიცე-პრეზიდენტი, როგორც ეს კანონპროექტის პირველი რედაქციით არის გათვალისწინებული, ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი გაუქმდება, რადგან საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობაში აღმასრულებელი წევრები იქნებიან. ანალოგიური პოზიცია აქვს “საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც”.

საქართველოს ეროვნული ბანკის წერილიდან ვიგებთ იმასაც, რომ ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები “საერთაშორისო სავალუტო ფონდის” წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამა, შესაძლოა, შეფერხდეს. ეროვნული ბანკის შეფასებით, აღნიშნული შენიშვნა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ “საერთაშორისო სავალუტო ფონდთან” კონსულტაციის არგავლით საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულება ირღვება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამართული დისკუსიის შედეგად, კანონპროექტის ინიციატორებმა შენიშვნები გაიზიარეს და დაადგინეს, რომ კანონპროექტის ენა შეიცვლებოდა და ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავაც სამი ვიცე-პრეზიდენტი დარჩებოდა (ნაცვლად ოთხისა, როგორც ამას კანონპროექტის პირველი რედაქცია ითვალისწინებდა) და პირველი ვიცე-პრეზიდენტი სწორედ მათგან შეირჩეოდა.

ცნობისთვის: დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში რვა წევრია, მათ შორის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე; სამი ვიცე-პრეზიდენტი - არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა; და ოთხი არააღმასრულებელი წევრი - ეკატერინა მიქაბერიძე, რობერტ სინგლეტარი, ეკატერინე გალდავა და ნათელა თურნავა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები