მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სერვისებზე იტყვის უარს "ევექსი ჰოსპიტლები", ხვალ გადაწყდება

5dde9ffd0efd0
BM.GE
27.11.19 21:04
2872
„ჩვენთვის ცნობილი იყო ზეპირსიტყვირად გარკვეული ფორმულა, რომლითაც მოხდებოდა პოტენციურად ახალი ფასების დადგენა. ის ფასები, რაც 5 ნოემბერს გამოქვეყნდა, სრულიად აცდენაშია“, - ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე გაიგებს ზუსტად საბოლოო გადაწყვეტილებას ფასებთან დაკავშირებით და სწორედ ამის შემდეგ შესაბამისად იმოქმედებს, კერძოდ, თუ არაფერი შეიცვალა, შესაძლოა, „ევექსი ჰოსპიტლები“ გარკვეული სერვისებიდან გავიდეს.

„მე პირადად მეგონა რაღაცა პერიოდი, რომ გამოქვეყნებულ ფასებში იყო გარკვეული ტექნიკური შეცდომები, რომლებიც გასწორდებოდა იმასთან შესაბამისობაში, რაც იყო გაცხადებული თავიდან. მე ხვალ მაქვს შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში და დიდი იმედი მაქვს, რომ გასწორდება. ხოლო თუ არ გასწორდება და ასე დარჩება, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას რომელი კლინიკიდან, რომელი კომპონენტიდან მოგვიწევს გამოსვლა.

თუ აღმოჩნდა რომ ზარალს ვერ ვაკომპენსირებთ ვერაფრით და პაციენტს შეიძლება ზარალი მივაყენოთ ხარისხობრივი თვალსაზრისით, ასეთ დროს მირჩევნია საერთოდ გამოვიდეთ კონკრეტული სერვისიდან“, - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში იყო ერთადერთი შეხვედრა მანამ, ვიდრე შესაბამის დადგენილებას გამოაქვეყნებდნენ.

„ამ თემაზე, თუ ზუსტად მახსოვს, შეხვედრა იყო ერთადერთი, რომელზეც არ გაჟღერებულა კონკრეტული ფასები, იყო ზოგადად საუბარი, რომ აპირებდნენ ფასების გათანაბრებას“, - ამბობს „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორი.

გიორგი მინდიაშვილის შეფასებით, მთავრობის 520-ე დადგენილებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, „ტექნიკური უზუსტობებია“.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის ინიციატივით, დღეს ექიმებმა, კლინიკების მენეჯერებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. სამედიცინო ინდუსტრიამ ღია წერილით უკვე მიმართა პრემიერს, ბიზნესომბუდსმენს და სხვა შესაბამის უწყებებს.