მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Oreo-ს, Alpen Gold-ისა და Milka-ს მწარმოებელს საქართველოში?

5e0f4c9ed7e45
შოთა ტყეშელაშვილი
04.01.20 10:01
7888
შოკოლადის პროდუქტებისა და ორცხობილების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა, Mondelez International -მა საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის - “მონდელიზ საქართველოს” ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა.

“მონდელიზ საქართველო” ქვეყანაში Mondelez-ის პროდუქციის საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული. 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 34,860,377 ლარი შეადგინა.

მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, შემოსავლის ეს მოცულობა 2017 წელთან შედარებით 2,847,471 ლარით მეტი იყო. მთლიანობაში 2018 წლის განმავლობაში “მონდელიზ საქართველოს” წმინდა მოგება 206,626 ლარი იყო.

Mondelez-ის მთლიანი შემოსავალი 2018 წელს $25.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, საქართველოს ბაზარი კომპანიის შემოსავლის მხოლოდ 0.051%-ს შეადგენს.

Mondelez-ი ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა - Oreo, Milka, Alpen Gold, Toblerone, Barni, Belvita, Tuc-ი და სხვები.

“შპს მონდელიზ საქართველო არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შემდგომში - კომპანია) რომელიც დაარსდა 2011 წლის 13 აპრილს. კომპანიის 100% წილის მფლობელია Kraft Foods Entity Holding B.V. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა Mondelez International Inc., რომელიც არის კვების მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში. ის დარეგისტრირებულია ვირჯინიის კანონმდებლობის შესაბამისად,
ამერიკის შეერთებული შტატები,”- ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშგებაში.