მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი მიიღეს 2021-ში “მაგთიმ” და “სილქნეტმა” ფიქსირებული ინტერნეტიდან? - ანგარიში

624571216b90e
BM.GE
01.04.22 10:12
1327
საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერებმა 2021 წლის ფინანსური შედეგები კომუნიკაციების კომისიას წარუდგინეს. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ფიქსირებული ინტერნეტის სექტორის ტოპ 5 ოპერატორის შემოსავალი 266 მილიონი ლარი იყო. ეს თანხა 2020 წელთან შედარებით 23.5 მილიონი ლარით მეტია.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ირკვევა, რომ პროვაიდერების შემოსავლის მატება პირველ რიგში აბონენტების რაოდენობის მატებას უკავშირდება. 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფიქსირებულ ინტერნეტს 892,000 აბონენტი იღებდა, რაც წინა წელთან შედარებით 46,000 აბონენტით მეტია. კომპანიებს შორის აბონენტების ყველაზე დიდი მატება “მაგთის” ჰქონდა, რომლის მომხმარებლების რაოდენობაც 18,000-ით გაიზარდა და 480,000 გახდა. “სილქნეტის” აბონენტების რაოდენობის ზრდა კი 7,700 იყო, შედეგად კომპანიის მომხმარებელთა ბაზა 300,000-მდე გაიზარდა.

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები 2021 წელს ასე ნაწილდება:

● მაგთი - 138.4 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 7%;
● სილქნეტი - 100.6 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 4.6%;
● სქაიტელი - 14.7 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 88%;
● ახალი ქსელები - 8.8 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 28%;
● CGC - 2.6 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 4%.

საქართველოში მოქმედი ოპერატორების აბონენტების რაოდენობა:

● მაგთიკომი - 480,328 აბონენტი, მატება წინა წელთან 4%
● სილქნეტი - 300,235 აბონენტი, მატება წინა წელთან 3%
● სქაიტელი - 51,508 აბონენტი, მატება წინა წელთან 6%
● ახალი ქსელები - 45,637 აბონენტი, მატება წინა წელთან 58%
● CGC - 14,279 აბონენტი, მატება წინა წელთან 7%

ამჟამად ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ფიზიკური პირებისთვის საშუალო სამომხმარებლო ტარიფი თვეში 19.40 ლარს შეადგენს, იურიდიული პირებისთვის კი საშუალო პაკეტის ღირებულება 151.80 ლარია. უფრო დეტალურად კი თბილისში არაკორპორატიული აბონენტები თვეში საშუალოდ 23.90 ლარს იხდიან, დანარჩენ რეგიონებში კი 16 ლარს.

აბონენტებს შორის 409,000 აბონენტი თბილისში; 103,000 იმერეთში; აჭარაში 88,000 ქვემო ქართლში კი 86,000 აბონენტი არის რეგისტრირებული.