მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სქემით იგეგმება საქართველოს ფოსტის ეტაპობრივი პრივატიზება? - ლევან ჩიკვაიძის განმარტება

6028e0d901605
თამთა ჯიჯავაძე
14.02.21 13:00
1071
როგორ შეიძლება მოხდეს საქართველოს ფოსტის ეტაპობრივი პრივატიზება? - ამ საკითხზე Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში საქართველოს ფოტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გააკეთა განმარტება.

ჩიკვაიძის თქმით, ის ყველა ქვეყნის ეროვნული ოპერატორის ისტორიას იცნობს ამ მიმართულებით და აქვს ხედვა, როგორ შეიძლება იყოს უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის კომპანია.

საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს მაგალითად ევროპის ქვეყნების გამოცდილება მოჰყავს:

„ევროპამ 1990-იან წლებში დაიწყო საფოსტო ბაზრის ლიბერალიზაცია და 2013 წელს დაასრულდა. 2008 წელს “დოიჩე პოსტმა” განაცხადა, რომ დაასრულა ლიბერალიზაცია, და ამ განცხადების საფუძველი გახდა ის, რომ თავისი კონკურენტის Dhl-ის აქციების 100% იყიდა და თქვა რომ ახლა მზად ვარ ლიბერალიზაციისთვისო. Dhl-ის ნაწილი აღმოჩნდა სახელმწიფო საკუთრებაში და ამის შემდეგ დაიწყო აქციების გაყიდვა. თუმცა, “დოიჩე პოსტმაც” კი ვერ გაყიდა ბოლომდე აქციები, 20% ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია. იგივე მდგომარეობაა გაერთიანებული სამეფოს „როიალ ფოსტშიც“. მის 25%-ზე მეტი ისევ სახელმწიფო საკუთრებაში რჩება“, - განაცხადა ჩიკვაიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მცირეა იმის მაგალითები მსოფლიოში, რომ საფოსტო კომპანიები სრულად - 100%-ით კერძოს ხელში იყოს, ასეთია მხოლოდ მალტა, ჰოლანდია და ლიბანი. ჩიკვაიძე განმარტავს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ვალდებულება აღებული, და მივდივართ იმ საფოსტო პოლიტიკისკენ, რასაც ატარებს ევროპა. „საბოლოო სასრუველი შედეგი გახლავთ კომერციალიზაციის შემდეგ პრივატიზაცია“, - ამბობს ის.

საქართველოს ფოსტის გენდირექტორმა ასევე ისაუბრა ფოსტების სტრუქტურებზე. მისი თქმით, ყველა საფოსტო ოპერატორს უნივერსალურის გვერდით, აქვს პროდუქტი, რომელიც არის მოგებაზე ორიენტირებული. ეს მიმართულებებია სწრაფი საფოსტო გზავნილი, სატერმინალო მომსახურება, გაცვლის და დახარისხების ცენტრები და ა.შ.

„ორი მოდელია ძირითადად, ერთია სააქციო საზოგადოება, სადაც მოქცეულია ყველა ბიზნეს მიმართულება და მეორეა - რამდენიმე შვილობილი კომპანიისგან შემდგარი კომპანია, სადაც ინვესტიციას შვილობილ კომპანიებში დებენ. ეს არის ის მომგებიანი სეგმენტები, როგორიცაა გადაზიდვები, სატერმინალო მომსახურება და ა.შ. ინვესტორს ეუბნები თუ არ მოგწონს უნივერსალური მოდელი, აი, საინტერესო ნაწილი ეს გახლავთ და აქ გააკეთეთ ინვესტიცია.

სწორედ ასეთ განვითარებას ვხედავ საქართველოშიც, და ამ მოსაზრებას მიმყარებს ის, რომ ანალოგიური პროცესები განვითარდა ევროპაშიც, ვიცნობ ახლოს და შეგვიძლია საუკეთესო მაგალითები ავიღოთ, ვიცით იქაც რა ხარვეზები იყო, რომელი მიმართულება იყო მცდარი, როგორ დასრულდა და ამიტომ ეს ფრაგმენტული ინვესტიცია არის მეტად გამართლებული. დღეს ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეროვნული ოპერატორი არა სრულად, არამედ მისი შემადგენელი ბიზნესები გახდა საინტერესო უცხოური თუ შიდა კერძო ინვესტორისთვის. რატომ არ უნდა მივყვეთ ამ მიმართულებას?!“, - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინაც განაცხადა, რომ ეტაპობრივი გასხვისების კუთხით ინტერესები როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე უკვე გამოიკვეთა, თუმცა ის არ აკონკრეტებს რა ნაწილის გასხვისდება პირველ ეტაპზე.

“საქართველოს ფოსტის” შესაძლო პრივატიზების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რის შესახებაც მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა. 2020 წლის ბოლოს კი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ფოსტის პრივატიზების საკითხს მთავრობა 2021 წელს დაუბრუნდებოდა.