29.ნოემბერი .2021 21:19

რა თანხა დაიხარჯა თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის მოწყობაში? - მერიის პასუხი

რა თანხა დაიხარჯა თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის მოწყობაში? - მერიის პასუხი
views 1874
უკან

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც ზოოპარკის ინფრასტრუქტურის გადატანა უნდა მომხდარიყო. 2017 წელს ამ ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მოწყობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა ამ დრომდე პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა, რასაც ზოოპარკის ადმინისტრაციაში ფინანსების სიმწირით ხსნიან.

თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2016-2020 წლებში თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ახალი ზოოპარკის მოწყობაში ჯამში 2 257 215 ლარი დაიხარჯა, რასაც დაემატა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გრანტი 300 600 ლარის ოდენობით.

მერიის ცნობით, ამ თანხით ზოოპარკის ტერიტორიაზე 2016-2020 წლებში შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:

“დათვებისა და მგლების, ირმებისა და ნიამორების; აფრიკული მოხატული ძაღლების; დომბების; აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვების; დასავლეთ კავკასიური ჯიხვების, ფოცხვერების, აქლემების, დიდი ფრინველების (ავიარიუმი) ვოლიერები. მოეწყო დენის მაღალი ძაბვის ქვესადგური, განხორციელდა ტერიტორიის ნაწილის გაზიფიცირება; განხორციელდა მაღალი ძაბვის საჰაერო კაბელის მიწაში ჩადება; ტერიტორიის ნაწილზე მოეწყო გზები და ბილიკები. აშენდა სათივე-საწყობის ფარდული; მოეწყო საცხენოსნო ორი მანეჟი; ზოოპარკს შეემატა ახალი სახეობები: დომბები, აფრიკული მოხატული ძაღლები, კავკასიური ჯიხვები, ირმები, ალპაკები, პავიან -ჰამანდრილები; ბერბერული მაკაკები და ა.შ. აგრეთვე მოეწყო ბავშვთა მოედანი", - ვკითხულობთ თბილისის მერიის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.

როგორც თბილისის მერიაში განგვიმარტავენ, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ახალი ზოოპარკის მოწყობაზე 1 150 000 ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული. ამ თანხით, მათი ცნობით, ადგილზე ჯიხვების ვოლიერის რეაბილიტაცია განხორციელდა, ასევე დაბეტონდა ვოლიერთან მისასვლელი გზები, ბათუმის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს ცხოველები, დაიწყო ვოლიერის - „აფრიკული სავანას“ მშენებლობის პირველი ეტაპი, მიმდინარეობს პრიმატების ვოლიერისთვის კუნძულისა და წყლის არხის მოწყობაც.

ზოოპარკის ხარჯები თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის თბილისის ბიუჯეტში პირველ ვარიანტში გვხვდება. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ჯამში ზოოპარკისთვის წელს 4 600 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა ეს თანხა ახალი ზოოპარკის მოწყობასთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურის შენახვას და შრომის ანაზღაურების ხარჯებსაც მოიცავს.

2022 წელს თბილისის ბიუჯეტიდან უშუალოდ ახალი ზოოპარკის მოწყობაზე კი 1 100 000 ლარია გამოყოფილი, რითაც მათი ცნობით, ადგილზე ვოლიერის - „აფრიკული სავანა“ მშენებლობის მეორე ეტაპი, წყალგაყვანილობისა და სადრენაჟე სისტემების მოწყობაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტის ღირებულება დაახლოებით 45 მლნ დოლარია და ის რამდენიმე ქვეპროექტადაა დაყოფილი, რომელიც სხვადასხვა ცხოველებისთვის საჭირო სამყოფელის მოწყობისთვის ტენდერების გამოცხადებით სრულდება.

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე BM.GE-თან აცხადებს, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოპარკის გახსნა ეტაპობრივად მოხდება. მისი თქმით, პირველი ნაწილი ზოოპარკის მომავალი წლის ბოლოს გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა