სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე კიდევ ერთი მშენებლობის ქვაბულის მიმდებარედ მიწის ჩაშლის ნიშნები შეინიშნება. ვიდეოს ავტორები თბილისის მერიასა და დიდუბის რაიონის გამგეობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ფაქტთან დაკავშირებით BM.GE დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საუბარია დიდუბის რაიონში, ლუბლიანას N50-ში მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასფალტის საფარზე წარმოქმნილი ბზარები ჯერ კიდევ 2026 წლის 4 ივნისს დაფიქსირდა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულისთანავე თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება მიიღო და მშენებელ კომპანიას შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა დაავალა.
"გაცნობებთ, რომ დიდუბის რაიონში, ლუბლიანას N50-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიმდებარედ, ასფალტის საფარზე წარმოქმნილი ბზარების დაფიქსირებისთანავე, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება მიიღო (2026 წლის 4 ივნისი).
მშენებელ კომპანიას დაევალა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა/შეფასების წარმოდგენა. თუ ექსპერტის მიერ ასფალტის საფარზე ბზარების გამომწვევ და მიწის ჩავარდნის მიზეზად დასახელდება მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, კომპანიას დაევალება გამაგრებითი კონსტრუქციული პროექტის მომზადება, რის საფუძველზეც უნდა განახორცილოს გამაგრებითი სამუშაოები. საბოლოოდ კი კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისობის დასკვნა, ჩატარებულ გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით", - აცხადებენ უწყებაში.




























