თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე სამუშაოების ეტაპობრივად, მოძრაობის ნაწილობრივი შენარჩუნების პირობებში წარმოება, სარეაბილიტაციო პროცესს მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებდა.
ასე უპასუხეს დედაქალაქის მთავრობაში BMG-ის მიერ დასმულ კითხვას, რომელსაც ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში მოქალაქეები ხშირად სვამენ. კერძოდ, რატომ გადაწყდა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სრულად შეზღუდვა, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.
თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ საავტომობილო მოძრაობის დროებითი სრულად შეზღუდვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მაქსიმალურად სწრაფი ტემპით შესრულების საშუალებას იძლევა.
"მოგეხსენებათ, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მსგავსი მოცულობისა და სირთულის ინფრასტრუქტურული პროექტი აღნიშნულ გამზირზე პრაქტიკულად პირველად ხორციელდება.
სამუშაოების მასშტაბის, სპეციფიკისა და პროექტით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სარეაბილიტაციო არეალზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეზღუდულიყო. სამუშაოების ეტაპობრივად, მოძრაობის ნაწილობრივი შენარჩუნების პირობებში წარმოება მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებდა სარეაბილიტაციო პროცესს, შეაფერხებდა სამშენებლო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში შესრულებას.
საავტომობილო მოძრაობის დროებითი სრულად შეზღუდვა, კი საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ვაწარმოოთ გამზირზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები", - უთხრეს BMG-ის თბილისის მერიაში.
ცნობისთვის: 23 ივლისიდან, თბილისში რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რა პერიოდშიც ქალაქის მთავარ გამზირზე, ასევე მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეიზღუდა.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სატენდერო კომისიამ ტენდერებში გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" გამოავლინა.
პროექტი სამ ლოტად დაიყო:
- ბესიკის ქუჩიდან - თავისუფლების მოედნამდე: სავარაუდო ფასი – 7,981,840 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 7,921,830 ლარი;
- სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ - ბესიკის ქუჩამდე: სავარაუდო ფასი – 5,842,569 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 5,781,000 ლარი;
- თ. ჭოველიძის ქუჩიდან - „მერანამდე“: სავარაუდო ფასი – 6,130,241 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 6,070,152 ლარი.
ჯამი: სავარაუდო ფასი – 19,954,650 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" ფასი ჯამურად 19,772,982 ლარი.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია "სმარტ სოლუშენსი" ბიზნესმენ ლევან გოგსაძის საკუთრებაშია და ის 2015 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა იკავებენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის თანახმად, კომპანია თეთრ სიაშია და მას რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული.




























