მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვიცით თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ

63eb56bd2dc3e
გიორგი მჟავანაძე
14.02.23 13:39
2699
სტატია დაწერილია თამბაქოს ზიანის შემცირების სტიპენდიის პროგრამის (THRSP) ფარგლებში.


საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი მაღალ დონეზეა: 2021 წელს ზრდასრული მოსახლეობის 27.1% მოიხმარდა თამბაქოს, ხოლო თამბაქოს ყოველდღიურ მომხარებელთა წილი 24.2% იყო (ISET Policy Institute, 2021). მნიშვნელოვნად განსხვავდება მოწევის გავრცელება გენდერულ ჭრილში: კაცების 48.3% ეწეოდა სიგარეტს, როდესაც ქალებში ეს მაჩვენებელი 8.7%-ია,. რაც შეეხება რეგიონულ განსხვავებებს, თამბაქოს მოხმარება მეტად გავრცელებულია თბილისში (33.8%) საქართველოს სხვა ქალაქებთან (23.2%) და სასოფლო დასახლებებთან (24.7%) შედარებით.

მოწევის გავრცელების მაღალი დონე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისთვის. UNDP-ის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებით ყოველწლიურად 9,300 ადამიანი კვდება, ხოლო მოწევის მთლიანი ყოველწლიური ეკონომიკური ხარჯი 825 მილიონი ლარია.

თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ავადობებისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით საქართველომ 2017-2019 წლებში რადიკალური საგადასახადო და საკანომდებლო ცვლილები მიიღო. თუმცა, გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობის ზუსტ შეფასებას ართულებს თამბაქოს მოხმარების შესახებ სანდო მაღალი სიხშირის მქონე მონაცემების ნაკლებობა. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წელს საქართველოში თამბაქოს მოხმარება შემცირდა 2016 წელთან შედარებით, როდესაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით მოწევის გავრცელება 29.4%-33.4% ინტერვალში მერყეობდა.

გრაფიკი 1. მწეველთა წილი ზრდასრულ მოსახლეობაში

წყარო: ავტორის გამოთვლები საქსტატის შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის საფუძველზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორნგაზიაცია (ჯანმო), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯ), Healthy Initiatives (CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკითხვა)

თუმცა, 2019-2021 წლებში თამბაქოს მოხმარების შემცირების ტემპი მკვეთრად შენელდა. როგორც ჩანს, არსებული საგადასახადო და კონტროლის პოლიტიკა ხელს ვეღარ უწყობს მოწევის გავრცელების შემდგომ შემცირებას.

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ განვითარებული ქვეყნები (მაგალითად, შვედეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია) მოწევის გავრცელების შესამცირებლად თამბაქოს პროდუქციის მკაცრ რეგულირებასთან და დაბეგვრასთან ერთად აქტიურად ატარებენ „ზიანის შემცირების“ პოლიტიკას.

ზოგადად, ზიანის შემცირების პოლიტიკა გულისხმობს ისეთი რეგულაციების შემოღებას და საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას, რომლებიც მიმართულია მოსახლეობაში ნაკლებად საზიანო ქცევის წახალისებისკენ და ჯამრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი პროდუქტის შედარებით უფრო უსაფრთხო პროდუქტით ჩანაცვლებისკენ. ეს პოლიტიკა სათავეს იღებს 1980-იანი წლებიდან, როდესაც კაცობრიობა აივ ინფექციის/შიდსის წინააღმდეგ იბრძოდა. ეს პოლიტიკა ასევე აქტიურად გამოიყენება ნარკოტიკების მომხმარებელთა დასახმარებლად. თამბაქოს მომხმარებლებში ზიანის შემცირება გულისხმობს ტრადიციული სიგარეტის ან სხვა წვადი თამბაქოს პროდუქტის ჩანაცვლებას ალტერნატიული პროდუქტით, რომელიც მომხმარებელს ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო გზით აწვდის ნიკოტინს. მაგალითად, ასეთ პროდუქტად მიიჩნევა სნუსი (ორალური მოხმარების საწუწნი თამბაქო), ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო.

ზიანის შემცირების მიზნით თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების გამოყენების ეფექტიანობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაში დამოკიდებულია სამ ძირითად ფაქტორზე: 1) ტრადიციული სიგარეტის მოწევასთან შედარებით მათი მოხმარების რისკები ადამიანის ჯანმრთელობისთვის, 2) მათი გავლენა ტრადიციული სიგარეტის მოწევისგან თავის დანებებაზე არსებულ მწეველებში და 3) ახალგაზრდებში ტრადიციული სიგარეტის მოწევის ინიცირებაზე.

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო და სნუსის მოხმარება გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის მოწევა. 2022 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც აანალიზებს ნიკოტინის შემცვლელი 15 ტიპის პროდუქციის რისკებს ადამინის ჯანმრთელობისთვის, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება (ვეიპინგი) შეიცავს ტრადიციული სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული რისკების მხოლოდ 3%-ს, გასახურებელი თამბაქო - 5%-ს, ხოლო სნუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 6%-ია.

გრაფიკი 2. ნიკოტინის შემცვლელი პროდუქციის შედარებითი რისკი (ტრადიციული სიგარეტი = 100)


წყარო: Murkett, R., Rugh, M. & Ding B. (2022)

აღნიშნული კვლევა ეფუძნება ამ თემატიკაზე ჩატარებული 123 სამეცნიერო კვლევის სინთეზურ ანალიზს. მსგავს შედეგებს აჩვენებს 2014 წლის კვლევაც, რომელმაც ნიკოტინის შემცვლელი 12 ტიპის პროდუქციის შედარებითი რისკები შეისწავლა. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით ელექტრონული სიგარეტი 95%-ით ნაკლებად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი. იმავე ანგარიშში, აღნიშნულია, რომ ვეიპინგისგან კიბოს წარმოქმნის ალბათობა 200-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის მოწევისგან.

სამეცნიერო ლიტერატურა ასევე ადასტურებს, რომ ელექტრონული სიგარეტი ხელს უწყობს მოწევისგან თავის დანებებას. 2022 წელს ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ელექტრონული სიგარეტის გამოყენება მოწევისთვის თავის დანებებისთვის ზრდის წარმატების ალბათობა 68%-98%-ით. იმავე წელს, გერმანიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნიკოტინის შემცვლელი ელექტრონული სიგარეტის გამოყენებისას მოწევისთვის თავის დანებების ალბათობას 134%-ით იზრდება. ასევე, 2022 წლის ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ელექტრონული სიგარეტი თითქმის ორჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ნიკოტინის ჩამნაცვლებელი თერაპია.

ამჟამად, ინგლისში ელექტრონული სიგარეტი მოწევისთვის თავის დანებების ყველაზე ხშირად გამოყენებადი საშუალებაა და, ამავდროულად, ყველაზე ეფექტიანიც: მოწევისთვის თავის დანებების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ადამიანების 64.3% თამბაქოს მოხმარებას ელექტრონულის სიგარეტის დახმარებით ანებებს თავს.

ელექტრონული სიგარეტის, როგორც ზიანის შემცირების ინსტრუმენტის პოპულარიზაციის პოლიტიკას, შეიძლება თან ახლდეს გარკვეული რისკებიც, მაგალითად, ტრადიციული სიგარეტის მოწევის დაწყების ხელის შეწყობა ახალგაზრდებში. 2014 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევა მიუთითებს ფაქტზე, რომ მოზარდებში, რომლებიც არიან/იყვნენ ელექტრონული სიგარეტის მოხმარებლები, ტრადიციული სიგარეტის მოწევის გავრცელება რამდენჯერმე უფრო მაღალია, ვიდრე არავეიპერ მოზარდებში. 2017 წელს ჩატარებულმა მეტა ანალიზმა დაადგინა, რომ 14-30 წლის ასაკის ვეიპერებში მოწევის დაწყების ალბათობა 3-4 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არავეიპერებში.

მეორე მხრივ, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ კავშირი ვეიპინგს და მოწევის დაწყებას შორის არ არის ცალსახა. აშშ-ში 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვეიპინგსა და მოზრდილებში მოწევის დაწყებას შორის არსებული კავშირი მთლიანად აიხსნება თამბაქოს მოხმარების საერთო გამომწვევი მიზეზებით (რისკ-ფაქტორებით). ეს რისკ-ფაქტორები მოიცავს მშობლების განათლების დონეს, არიან თუ არა მშობლები და მოზარდების თანატოლები მწეველები, მოზარდების იმპულსურობას, დანაშაულებრივ ქცევისკენ, დეპრესიისკენ და შფოთვისკენ მიდრეკილებას.

ამერიკელ მე-12 კლასელების მონაცემებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ვეიპინგი ძირითადად კონცენტრირებულია იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც აქვთ ტრადიციული სიგარეტის მომხმარებლების მსგავსი მახასიათებლები. შესაბამისად, ელექტრონული სიგარეტი არის მათთვის ტრადიციული სიგარეტის ჩამნაცვლებელი და არა მოწევის დაწყების მასტიმულირებელი. 2021 წლის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმ ამერიკელ მოზარდებში, რომლებმაც ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს შორის თავდაპირველად გასინჯეს ელექტრონული სიგარეტი, მხოლოდ 1% ეწევა ტრადიციულ სიგარეტს. ავტორები ასკვნიან, რომ ამ მოზარდებში მოწევის დაწყების ალბათობა გაცილებით დაბალია, ვიდრე იქნებოდა თავიდან ჩვეულებრივი სიგარეტის გასინჯვის შემთხვევაში. ამრიგად, ეს დასკვნები მიუთითებს, რომ ვეიპინგი კი არ უბიძგებს მოზარდებს სიგარეტის მოწევის დაწყებისკენ, არამედ მათთვის ტრადიციული სიგარეტის ჩამნაცვლებელია და, პირიქით, ამცირებს მოწევის ინიცირებას ახალგაზრდებში.

არაერთი კვლევის თანახმად, ელექტრონული სიგარეტის და თამბაქოს სხვა ალტერნატივების მოხმარება გაცილებით ნაკლებ რისკიანია ადამიანის ჯანრთელობისთვის, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის მოწევა. ამავდროულად, ამ პროდუქციის გამოყენება მწეველებში ზრდის სიგარეტისთვის თავის დანებების ალბათობას. შესაბამისად, ტრადიციული სიგარეტის მომხმარებლებისთვის, ვისაც არ სურს ან არ შეუძლია დამოუკიდებლად მოწევისთვის თავის დანებება, ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტები წარმოადგენენ ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო ალტერნატივას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები