მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება ელიავას ბაზრობის ირგვლივ? - ირაკლი ხმალაძის განმარტება

6148a1b076538
ინგა მურუსიძე
20.09.21 19:15
943
ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით შენარჩუნება რომ შეუძლებელია, ყველა თანხმდება - როგორც დედაქალაქის მთავრობა, ისე ელიავას ბაზრობის მესაკუთრეები და ადგილობრივი მოსახლეობა და უკვე წლებია ანონსდება, რომ ბაზრობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ საკითხზე თბილისის მერმა კახა კალაძემ აგვისტოს ბოლოს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია, გეგმარება შედგენილია და უკვე იციან, როგორ რეაბილიტირდება ელიავას ბაზრობა.

ამის მიუხედავად, 11 სექტემბერს BM.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ მერიაში ელიავას მესაკუთრეების ნაწილსა და ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს შორის შეხვედრა გაიმართა და როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა,დაგეგმარებითი პროექტი, რომელიც სპეციალურად შერჩეულმა კომპანიამ წარადგინა, არათუ მეწილეებს, არამედ მერიის წარმომადგენლებსაც არ მოეწონათ და შეთანხმდნენ, რომ მესაკუთრეები უახლოეს მომავალში მერიას თავიანთი გეგმას წარუდგენდნენ.

ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. მან დღეს „საქმის კურსის“ ეთერში სტუმრობისას თქვა, რომ შეხვედრა შედგა, თან არაერთი და კონცეპტუალური გეგმა არავის დაუწუნია, უბრალოდ, მესაკუთრეების და მოქალაქეების ინტერესებისამებრ გადაკეთდება:

„ელიავას ბაზრობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონა ქალაქის ცენტრში. დადასტურებულად გეტყვით, რომ არავინ განიხილავს მის გადატანას; ჩვენი მიზანი არის მისი მოწესრგება და გაუმჯობესება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დარჩეს ელიავას ბაზრობა, თუმცა უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს, რაც არის კომფორტი, უსაფრთხოება, მისაწვდომობა, პარკინგი და ა.შ. როცა ვქირაობდით კომპანიას, რომელიც ამ ტერიტორიის გეგმარებას მოახდენდა, დავალებაც მესაკუთრეებთან ერთად შევადგინეთ. ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ გეგმარება, რაც ყველასთვის მისაღებია. მთავარი არის, რომ ვსაუბრობთ საერთო პრინციპებზე, რაზეც ყველას საერთო ხედვა გვაქვს“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, წლის ბოლომდე კონცეპტუალური გეგმარება უკვე უნდა არსებობდეს და ასეც იქნება.

„პროცესები გამჭვირვალეა და ზუსტად ვიცით რა კითხვებიც არის. პრეტენზიები აქვთ ადგილობრივებს და ეს მისაღებია; მეორე მხრივ, მესაკუთრეებს აქვთ მოთხოვნა, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუარესდეს - ესეც გასაგებია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვხედავთ ამის პოტენციალს, რომ ამ ტერიტორიამ გააუმჯობესოს ეკონომიკური პოტენციალი, ისე, რომ ყველას უფლებები და მოთხოვნები იყოს დაცული.

ელიავას ბაზრობის გეგმარება მუნიციპალიტეტისთვის მისაღებია, თუმცა მესაკუთრეები ამბობენ, რომ ასეთი გეგმარება მათთვის მიუღებელია კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ძალიან კარგად გვესმის და ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე, ზუსტად ასეთივე დავალება მიიღო კონტრაქტორმა, რომ გადაალაგოს გეგმარება. არავის არაფერს ვაძალებთ. მესაკუთრეებისთვის მიუღებელი გეგმარება არ განხორციელდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე - როდის გვექნება განახლებული ელიავას ტერიტორია, ვიცე-მერი პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია პროექტზე, რომელიც საბოლოოდ შედგება.

„გააჩნია რაზე შევთანხმდებით, ვადები ამაზე იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, მუნიციპალუტეტი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა ტერიტორიის კეთილმოწყობაში“, - განაცხადა ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები