„მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ელიავას ბაზრობის ყველა მესაკუთრესთან და ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი იქნა შემუშავებული. მერიის გეგმარების საფუძველზე ისინი თავად განახორციელებენ ტერიტორიის განვითარებას. შეთანხმება შედგა, როგორ მოხდება ამ ტერიტორიის განვითარება, - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს გააკეთა.
როგორც bm.ge-მ გაარკვია, რომ ბოლო შეხვედრა ელიავას მესაკუთრეებსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს შორის 10 სექტემბერს შედგა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ელიავას ბაზრობის რეაბილიტაციის კონცეფციას თავად მესაკუთრეები შეიმუშავებენ და მერიას წარუდგენენ, რადგან არსებული, უკვე დამუშავებული სტრატეგია მათთვის მიუღებელია.
Bm.ge ესაუბრა შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს და ელიავას ბაზრობის ერთ-ერთ მესაკუთრე ალეკო კახიანს, რომელიც ამბობს, რომ ელიავას ბაზრობის მესაკუთრეები რეაბილიტაციის წინააღმდეგი არ არიან და კონცეფციასაც თავად შეიმუშავებენ. შეხვედრაზე არანაირი ვადები არ დასახელებულა.
„ძალიან კარგი შეხვედრა იყო მერიაში. მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს მოსაზრებას, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ტერიტორიების რეაბილიტაცია. რაც შეეხება შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც არქიტექტორმა მოამზადა, მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენთვისაც და მერიისთვისაც. შემოთავაზებული პროექტით, სანაპიროს გადატანა ხდება ელიავას შუაში და სანაპიროზე უნდა მოეწყოს სკვერი, რაც შეუძლებელია. ეს არასერიოზულია.
მერიამაც თქვა, რომ უნდა მოხდეს კომუნიკაციების გადატანა და ეს ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება. შემოთავაზებული იყო ასევე მრავალსართულიანი შენობების აშენება ბაზრობისთვის და ერთიანი კონსორციუმის შექმნა, სადაც მე მაგალითად 7%-იანი წილის მფლობელი ვიქნებოდი, ესეც რა თქმა უნდა მიუღებელია. მრავალსართულიან შენობაში, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, დასაჭრელი ლამინატის ატანა-ჩამოტანა წარმოუდგენელია“, - განაცხადა ალეკო კახიანმა.
ბიზნესმენი განმარტავს, რომ თავად მესაკუთრეებს აქვთ იდეა, რომ აგლაძის მხრიდან 4 000 კვ.მ. ტერტიტორიაზე აშენდეს პარკინგი, რომლითაც მომხმარებლები ისარგებლებენ, რაც განტვირთავს როგორც ბაზრობას, ასევე სანაპიროს და მომხმარებლები ამ გზით ბაზრობაზე შესვლას ვეღარ შეძლებენ.
„იერსახის შეცვლა, გამწვანება, ეს მისაღებია. მხოლოდ ერთი საკითხია, რაც მე პირადად არ მომწონს, მე შემიძლია ჩემს ტერიტორიაზე დავრგო დაახლოებით 200 ხე, თუმცა ფართობის მიხედვით, სამშენებლო ნორმებით მეკუთვნის 2400 მ.კვ. სკვერის გაშენება. წარმოუდგენელია, რომ საწარმოს ტერიტორიაზე გავაკეთოთ ყავის დასალევი ადგილები, როცა ადამიანები ფართებს და სამუშაო ადგილებს დაკარგავენ“, - განაცხადა ალეკო კახიანმა.
კითხვაზე, რა პასუხი აქვს მესაკუთრეების ამ პოზიციაზე მერიას, ბაზრობის ერთ-ერთი მესაკუთრე ამბობს, რომ მერიას არაფერი აქვს საწინააღმდეგო და არ აპირებს, რომ ვინმეს კერძო საკუთრების უფლება შეზღუდოს.
„მერიასთან ძალიან კარგ კომუნიკაციაში ვართ. მერია გვეთანხმება იმაზე, რასაც ჩვენ შევთავაზებთ. მოვამზადებთ კონცეფციას და შევთანხმდებით“, - ამბობს ის.
რაც შეეხება ელიავას ბაზრობის ადგილმონაცვლეობის საკითხს, როგორც ალეკო კახიანი ამბობს, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის და მესაკუთრეები ამას არასდროს დათანხმდებიან.
„ადგილმონაცვლეობაზე საუბარი არ არის. მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა და ამაზე არც დავთანხმდებით“, - აღნიშნა მან.