მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია - კახა კალაძე

საბავშვო ბაღი

2026-2027 სასწავლო წლის რეგისტრაციის შედეგად, თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა, თუმცა ამ ეტაპზე 8 000-ზე მეტი ადგილი კვლავ ვაკანტურია - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"წლევანდელი რეგისტრაციის შედეგად, თბილისის საბავშვო ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით გვაქვს 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. რაც შეეხება ბავშვთა სრულ რაოდენობას, დედაქალაქის მასშტაბით საბავშვო ბაღები 60 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ახალ სასწავლო წელს აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღო სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე მდებარე N168 ბაგა-ბაღმა, რომელიც 12 სააღმზრდელო ჯგუფზე არის გათვლილი:

"ეს გახლავთ სრულიად ახალი საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე. ის 12 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. ამჟამად ბაღში 150-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული".

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, არდადეგებზე დედაქალაქის 24 საბავშვო ბაღში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა - განახლდა ინტერიერი, ფასადები და ეზოების ინფრასტრუქტურა.

"სამუშაოები, რიგ შემთხვევებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა ასევე იმ ბაღებში, სადაც დაწყებულია ან დაგეგმილია ავტორიზაციის პროცესი. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და ეს პროცესი 2030 წლამდე უნდა დასრულდეს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები