რუსთაველის გამზირზე წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა და პარკირებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის დროებით უფასოა. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დროებით მთაწმინდის 28 ქუჩაზე გათიშულია.
„რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე დროებით გათიშულია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და მოქალაქეებისთვის პარკირებით სარგებლობა, სამუშაოების პერიოდში, უფასოა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
პარკირებით სარგებლობა უფასოა: თაბუკაშვილის, ვაჩნაძის, შენგელაიას, ლეონიძის, სულხან-საბას, ინგოროყვას, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას, აბაშიძის, ჯავახიშვილის, ახვლედიანის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ჟვანიას, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.




























