თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა. ამის შესახებ უწყებამ BM.GE-ს განუცხადა, თუმცა ქუჩები არ დაუკონკრეტებიათ.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ ზონალური პარკირების სისტემის გათიშვა ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციიდან გამომდინარე, მთაწმინდის რიგ ქუჩებზე საჭირო გახდა ორმხრივი საგზაო მოძრაობის დაწესება, რამაც გამოიწვია პარკირების დროებით გაუქმება. ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც აღნიშნული გაუქმებული პარკირებით სარგებლობდა, რომ არ შეექმნას 100-მეტრიან რადიუსში ავტომანქანების გაჩერების პრობლემა, სწორედ ამის გამო 30 ივლისიდან მიმდებარე ქუჩებზე დროებით გაითიშა ზონალური პარკირების სისტემა. აღნიშნული ინფორმაცია შეტყობინების სახით გაეგზავნათ ადგილობრივ მცხოვრებლებს“, - აცხადებენ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურში.




























