საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. შესაბამისი განცხადება კომპანიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთეს.
"ამ ეტაპზე ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი ტექნიკური სამუშაოები, რათა დაზიანება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას. პარალელურად, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და კომპანია მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს", - ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ კი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტს კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და მოქალაქეებს მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ს, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, შემთხვევის გამო საავტომობილო მოძრაობა გამრეკელის ქუჩაზე დროებით შეიზღუდა. ამასთან, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდება არ შესწყვეტიათ, რადგან ქსელი ალტერნატიულ მაგისტრალზე დაუყოვნებლივ გადაერთო.
„საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე დღეს, გამთენიისას ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ს 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს. დაზიანდა ავტომობილები. აღნიშნული შემთხვევის გამო გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც. წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს, იმიტომ, რომ ალტერნატიულ მაგისტრალზე იქნა გადართული მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
























