რესპუბლიკის და თავისუფლების მოედნების რეაბილიტაცია, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობების განახლება - ეს ის პროექტებია, რომელთა განხორციელებასაც თბილისის მერია 2027 წელს გეგმავს.
3 პროექტის შესახებ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ ისაუბრა.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ იგეგმება მთლიანად რესპუბლიკის მოედნის განახლების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 200 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს თავისუფლების მოედნის რეაბილიტაცია და რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-განახლება.
ყველა არსებული შენობა, რომელიც რუსთაველის გამზირზეა, სრულად განახლებული და მოწესრიგებული იქნება. ამ სამუშაოების დაწყებას მომავალ წელს ვგეგმავთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
























