"დღეს ვიწყებთ პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს", - ამის კახა კალაძემ თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობაზე თურქული ერთობლივი კომპანია EYE-სთან ხელშეკრულების გაფორმებისას განაცხადა.
"ჩვენ დავპირდით თბილისელებს ტრამვაის ხაზის მშენებლობას და დღეს ამ დაპირების შესრულების კონკრეტულ ეტაპს ვიწყებთ", - ამბობს კახა კალაძე, რომლის თქმით, წინ, მშენებლობის პროცესში რთული ეტაპია მოსალოდნელი.
"წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს ახლავს გარკვეული დისკომფორტი. მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღია ვიქნები პირადად მეც, ჩემი თანაგუნდელები და მაქსიმალურად მოგაწვდით ინფორმაციას მოძრაობის ცვლილებების თუ სამუშაოების შესახებ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დისკოფომრტი მაქსიმალურად შევამციროთ. მაგრამ როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს. მთავარი ის არის, რა რჩება ამ პროცესის დასრულების შემდეგ. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ არა უბრალოდ ხელშეკრულებას, დღეს ვიწყებთ პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს",- განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.
დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი Design-Build (DB) მოდელით განხორციელდება, რაც ერთ კონტრაქტორზე აერთიანებს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის ვალდებულებას. პროექტის დასრულებისთვის 36-თვიანი ვადაა განსაზღვრული.




























