22.თებერვალი .2020 11:20

რაჭაში ღვინის მწარმოებლებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ - მეღვინე

views 452
უკან

რაჭაში ღვინის მწარმოებლებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ - ამის შესახებ BM.GE-ის „ჭრებალოს მარნის“ თანადამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ღვინის მწარმოებელი ამბობს, კომპანიამ სულ ერთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირება დაიწყო და თვლის, რომ ღვინის დიდ ინდუსტრიაში დამწყებ მოთამაშეებს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდებათ.

„ღვინის ბიზნესის დაწყების პროცესში ძალიან ბევრი პრობლემაა, დაწყებული ფინანსებზე ხელმისაწვდომობიდან, ასევე ვენახების ხარისხის პრობლემა და ჩვენ რა პრობლემასაც წავაწყდით, ეს არის ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირების პრობლემა.

მცირე მარნებისთვის ბაზარზე დამკვიდრება უფრო რთულია, იმიტომ რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ვფიქრობ, მცირე მარნებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ, მსხვილი კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებსაც თავისი კაპიტალიც აქვთ და ცნობადობაც“, - განმარტავს „ჭრებალოს მარნის“ თანადამფუძნებელი.

კითხვაზე, შექმნიათ თუ არა მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, მეღვინე ამბობს, რომ მათი კომპანია სრულად კერძო ინვესტიციით ამოქმედდა, თუმცა რეგიონში არსებული მცირე მარნების უმრავლესობა ამ გამოწვევის წინაშე დგას.

„ჩვენი კომპანია კერძო ინვესტიციით შეიქმნა, მაგრამ ჩვენს გარდა რაჭაში ძალიან ბევრი მარანია, რომლებიც კარგ ღვინოს აწარმოებენ, მათ სჭირდებათ სახელმწიფოს ხელშეწყობა; რომ შევადაროთ, რაჭა-ლეჩხუმი - კახეთს, ჩვენი რეგიონის ღვინო შედარებით უფრო ძვირადღირებულია, რაოდენობითაც ნაკლებია, იქ კი უფრო მეტი რესურსია. მე ვიტყოდი, რომ ცოტა მეტი ხელშეწყობა სჭირდება რეგიონს“, - განაცხადა სალომე ლეკიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ჩატარებული ღვინის სექტორის 2019 წლის მიმოხილვის მსგავსი კვლევები, ბაზარზე ახლადგაჩენილ კომპანიებს განვითარებაში ეხმარება.