მიმდინარე წელს, ლაგოდეხის რაიონში მდებარე მარწყვის საოჯახო მეურნეობა "მარწყვილენდი" მარწყვის ღვინის მიმართულების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს მეურნეობის დამფუძნებელმა ზოია წიწილაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ მარწყვის ღვინო საქართველოს ბაზრისთვის სიახლე იქნება, თავდაპირველად, ღვინის წარმოება მცირე მოცულობებით დაიწყება.
"ღია გრუნტში დაზიანებული მარწყვი გვრჩება ხოლმე, სწორედ ამ პროდუქციით ღვინის წარმოებას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ბიუროკრატიის გარკვევის პროცესში ვართ. ეს სრულიად ახალი პროდუქციაა, რომელსაც არავინ ამზადებს, შესაბამისად, დროა საჭირო ყველაფერში გასარკვევად.
შარშან დავტესტეთ და ძალიან კარგი ღვინო გამოვიდა. მარწყვის რეალიზაციას ჩვეულებრივ გავაგრძელებთ, მაგრამ გარკვეული ნაწილისგან ღვინის წარმოებას დავიწყებთ. ეს იქნება სტარტაპი საწყის ეტაპზე და ვნახავთ, რამდენად გაამართლებს. ჯერჯერობით კონკრეტული რიცხვები, თუ რამდენ ბოთლს ვაწარმოებთ, არ ვიცით. ამასთან, საწარმოო ჭურჭლის მოძიების პროცესში ვართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროდუქცია წელს შემოდგომიდან ჩაეშვება,"- აცხადებს წიწილაშვილი.
ინფორმაციისთვის, მარწყვის ბაღი ფერმერმა სოფელ ლელიანში ოთხი წლის წინ, 10 000 ლარიანი ინვესტიციით გააშენა. მარწყვის მეურნეობა 1 ჰა ფართობზეა გაშენებული. ბაღი მეურნეობაში მონაცვლეობით შენდება, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ნიადაგის გარკვეულ ნაწილზე ბაღია გაშენებული, ნიადაგის მეორე ნაწილი ისვენებს. მომდევნო წელს კი, მარწყვის ნერგები ე.წ. დასვენებულ ნიადაგზე ირგვება.