მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ დასაქმებულს არ/უნდა დაგროვებითი საპენსიო პროგრამის დატოვება - NDI-ის კვლევა

5f60b7b1e71bd
ინგა მურუსიძე
15.09.20 16:46
1119
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ აგვისტოში ჩატარებულ საზოგადოებრივ კვლევაში, რომელიც ასახავს როგორც საარჩევნო, ისე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, რამდენიმე კითხვა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებაც შევიდა.

გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ რესპოდენტების 80% დაგროვებით საპენსიო პროგრამაში ჩართული არ არის, რესპონდენტთა 19% ამბობს, რომ პროგრამის მონაწილეა, ხოლო 1%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ამასთან, კვლევის თანახმად, შესაძლებლობის შემთხვევაში, სისტემაში ჩართული მოქალაქეების 38% რეფორმას გამოეთიშებოდა და ბანკებიდან დანაზოგს გაიტანდა, ხოლო 58% პირიქით - აცხადებს, რომ დანაზოგს არ გაიტანდა.

„ამჟამად ხართ თუ არა სახელმწიფო დაგროვებით საპენსიო პროგრამაში ჩართული?“ - კვლევის ფარგლებში დასმული ამ კითხვის პასუხები აჩვენებს, რომ პროგრამაში მონაწილე მოქალაქეების უმრავლესობის (35%) ასაკი 18-34 წელია, რაც, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ კანონი 40 წლამდე მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლებას არ უტოვებს და ისინი ვალდებულნი არიან, სისტემაში დარჩნენ. გამოკითხულთა 20%, ვინც კითხვას დადებითი პასუხი გასცა, 35-54 წლის დიაპაზონშია, ხოლო 55 წელს ზევით რესპოდენტების მხოლოდ 3%-მა პროცენტმა თქვა, რომ პროგრამაში ჩართულია.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც NDI-მ დასვა, საპენსიო შენატანების განხორციელების ფორმას შეეხებოდა - ნებაყოფილობითი უნდა იყოს ის თუ სავალდებულო 40 წლამდელებისთვის? - შედეგების მიხედვით, რესპოდენტების უმრავლესობა არჩევანის თავისუფლების მომხრეა, თან წლის ივლისის კვლევის შედეგებთან შედარებით წელს აგვისტოში ასე უფრო მეტი რესპოდენტი ფიქრობს.



ცნობისთვის: კვლევის საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა; სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოკითხულია 2,045 მოქალაქე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.3%-ია.