მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად არის გაზრდილი საქართველოში ფულის მასა?

5f60de2d4fe22
შოთა ტყეშელაშვილი
15.09.20 19:42
4286
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ კი, M2-მა ანუ ფართო ფულმა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს, 12.55 მილიარდ ლარს მიაღწია.

შედარებისთვის, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1.74 მილიარდი ლარით ნაკლები იყო და 10.81 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა 16.1%-ია. M2-ის მსგავსად, გაზრდილია სხვა მონეტარული აგრეგატებიც, მათ შორის უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულიც და ის 4.33 მილიარდ ლარია.

ფულის მასის ზრდა სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის მთავრობის მხრიდან ბიუჯეტის ხარჯვის მოცულობის ზრდას უკავშირდება, რაც თავის მხრივ COVID-19-ის კრიზისის ეკონომიკური და სოციალური ეფექტის შერბილებას ისახავს მიზნად.

Galt & Taggart-ის კვლევების განყოფილების ხელმძღვანელის ევა ბოჭორიშვილის თქმით, ლარის გაცვლითი კურსის მოლოდინების ჩამოყალიბებაზე გაზრდილი ფისკალური ხარჯებიც ახდენენ ზეგავლენას. 

“სექტემბრიდან გვაქვს ლარის შედარებითი გაუფასურება, დაახლოებით, 3%-იანი გაუფასურებაა მიუხედავად ამ ინტერვენციებისა. სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს კურსზე, მათ შორის ის მოლოდინებიც რაც ყოველთვის უკავშირდება არჩევნებს, რომ არჩევნების შემდეგ ყველა ელის გაუფასურებას, ასევე ის ფისკალური გაზრდილი ხარჯები რაც არის გარკვეული ფაქტორი, რაც ლარის კურსზე ახდენს ზეგავლენას. მათ შორის ის რაც ჩვენ ვიცით, ბოლო პერიოდში 200-ლარიანი დახმარებების გაცემა და სხვა. ეს ყველაფერი ერთად ლარის მერყეობას იწვევს. შესაბამისად, ინტერვენციების ის მოცულობა, რაც წინა პერიოდში საკმარისი იყო, შესაძლოა გაიზარდოს, ყოველ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს გაცხადებული აქვს, რომ ლარის მხარდასაჭერად წელს მნიშვნელოვან ინტერვენციებს განახორციელებს,”- განაცხადა გადაცემა “საქმიან დილაში” ევა ბოჭორიშვილმა.