მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გამართლებულია სახელმწიფოს მხრიდან იმპორტირებული 9 პროდუქტის სუბსიდირება?

5e9b4385c6509
ირაკლი მაკალათია
19.04.20 10:00
3325
მთავრობა ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას სუბსიდირების პროგრამით აპირებს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი. რაც შეეხება სუბსიდირების პროგრამას, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ეს პროდუქტები ძირითადად იმპორტირებულია, მთავრობა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მსხვილ იმპორტიორებს კურსთა შორის სხვაობას დაუფარავს. იმ კონკრეტულ დღეს, როცა იმპორტიორი შეიძენს პროდუქტს, დოლარის შემთხვევაში კურსი დაფიქსირდება 3 ლარზე (1 აშშ დოლარი=3ლარი), ევროს კურსი 3.3 ლარზე (1 ევრო=3.3 ლარი). იმპორტიორს დოლარის შემთხვევაში 3 ლარისა და ევროს შემთხვევაში 3.3 ლარის ზემოთ ფასნამატს სახელმწიფო გადაუხდის. მაგ; თუ კურსი იქნა 3.15 ლარი, 15-თეთრიან ფასნამატს იმპორტიორებს მთავრობა გადაუხდის.

სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით სუბსიდირების პროგრამაში უკვე ჩართულია 20-მდე მსხვილი იმპორტიორი. თუმცა, რამდენად იქნება მასში შედარებით მცირე მოთამაშეების ჩართულობა უზრუნველყოფილი ჯერ ცნობილი არაა. მნიშვნელოვანია, რომ თანაბარი პირობებით სარგებლობა შეეძლოთ ბაზრის ყველა მოთამაშეს მიუხედავად იმისა თუ რა არის მათი ზომა. 

სამინისტროს მაღალჩინოსნის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ  ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეიძლება განიხილებოდეს შესაძლებლობა პასუხისმგებლობა დაეკისროთ მაღაზიებს რომლებიც ამ პროდუქტებზე ფასს "სპეკულაციურად" მოუმატებენ. გამოდის 20-მდე იმპორტიორს უფრო ნაკლებ ფასად შემოაქვს, ვიდრე სხვა იმპორტიორებს, მაშინ ის კომერციული ობიექტები რომლებიც დანარჩენი იმპორტიორებისგან იღებდნენ პროდუქციას მათაც უძვირდებათ პროდუქტების ღირებულება, გამოდის ეს მაღაზიებიც არაკონკურენტულ და უთანაბრო მდგომარეობაში იქნებიან. ამავე დროს ბაზარზე შედარებით იაფი პროდუქტის შეძენის მოტივით, კიდევ უფრო გაიზრდება 20-მდე იმპორტიორზე და მათ მიერ შემოტანილ პროდუქტებზე მოთხოვნა.

ზოგადად პროდუქტების სუბსიდირებას რაც შეეხება, განმარტებები უნდა იყოს გაკეთებული თითოეულ ეკონომიკურ ნაბიჯზე, თითოეულ გატარებულ ღონისძიებაზე. ყოველი გატარებული ეკონომიკური ღონისძიება უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის ეკონომიკური გათვლებს და დასაბუთებებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უნდა მომხდარიყო შემდეგი გათვლებიდან მიღებული ანალიზის საფუძველზე: როგორია ჩამოთვლილი პროდუქტების მოხმარების სტრუქტურა, შესაბამისად გაყიდვების მოცულობაც; რა მოცულობის წარმოება გვაქვს ქვეყანაში, როგორია იმპორტის წილი; რამდენად მაღალია ფასები აღნიშნულ პროდუქტებზე, რამდენად ცვალებადი და მაღალი ინფლაციური ტემპით ხასიათდება აღნიშნული პროდუქტები. მხოლოდ ასეთი გათვლების შედეგად, რისკების შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს მთავრობამ ეკონომიკური გადაწყვეტილებები. რაც შეეხება აღნიშნული პროდუქტების სუბსიდირებას, პირველადი გათვლებით ცხრა პროდუქტის სუბსიდირება მთავრობას თვიურად, დაახლოებით 2 მილიონი ლარი უჯდებოდა (https://bit.ly/3a9YXXj), თუმცა საბოლოოდ სუბსიდირების ბიუჯეტმა 10 მილიონი ლარი შეადგინა. გაიზრდება თუ არა კიდევ აღნიშნული ბიუჯეტი, ამის გარანტიას ჯერ არავინ გვაძლევს. სუბსიდირებით ისარგებლებს როგორც მაღალი ასევე დაბალი სოციალური ფენა, რაც შეიძლება არასამართლიანიც იყოს. სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის გამოწვევას წარმოადგენს კურსის სტაბილურობა, რომ არ მოხდეს მაღალი ინფლაცია ქვეყანაში, თორემ ინფლაციური პროცესები ყოველთვიურად მიმდინარეობს და არც აქ გვექნება გამონაკლისი. იმ ფენამ რომელსაც შეუძლია იყიდოს პროდუქტი მათთვის სახელმწიფო შეღავათი იქნება ის, რომ სწორი მონეტარული პოლიტიკით მოახდინოს კურსის დაბალანსება და ინფლაციური პროცესების მოთოკვა. მცირე სახელმწიფო ბიუჯეტის პირობებში რამდენად გვაქვს ასეთი თანხების ხარჯვის ფუფუნება ეს კიდევ ცალკე საკითხია, საკითხი ასე შეიძლება დავაყენოთ კიდეც, იქნებოდა თუ არა უმჯობესი, რომ აღნიშნული სუბსიდირებული თანხები მოხმარებოდა იმ სოციალური ჯგუფის ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება, რომელთაც დროთა გასვლის, შემოსავლებისა და დანაზოგების მინიმუმამდე დაყვანის შემდეგ იმ დასუფსიდირებული ფასის პროდუქტის შეძენაც გაუჭირდებათ. ამავე დროს სუბსიდირების პროცესში მაღალია ისეთი რისკები როგორიცაა: კორუფციის რისკი, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, იმპორტიორების არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ქცევა და პროდუქტების მაღალ ფასში გაფორმება სახელმწიფოსგან მეტი სუბსიიდიის მიღების მოტივით, ოლიგოპოლიური ბაზრის შექმნა.

ინფლაციის მაჩვენებლები

თუ საბაზისო წლად ავიღებთ 2015 წელს და შევადარებთ როგორ გაზარდა ფასები 2020 წლის მარტში 2015 წელთან შედარებით, ვნახავთ, რომ ბრინჯის ფასი გაიზარდა 41%-ით; ხორბლის ფქვილი 31,6%-ით; მზესუმზირის ზეთი 23,4%-ით; ლობიო 21,3%-ით; ქარხნული რძე 19,2%; წიწიბურა 18,9%-ით; შაქარი 14,3%-ით; მაკარონი და მაკარონის ნაწარმი 14,2%-ით. სასურსათო ჯგუფის საერთო ფასების დონე 2015 წელთან შედარებით 32.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ინფლაციის წლიურ მაჩვენებლებს, მიუხედავად მაღალი ინფლაციისა აღნიშნული პროდუქტები არ წარმოადგენდნენ ყველაზე მეტად გაძვირებულ სასურსათო პროდუქტებს და ინფლაციის კრიტიკული მაჩვენებლები არ დაფიქსირებულა (ერთადერთი გამონაკლისი წიწიბურის ფასია, რომელიც მიუხედავად ამისა, წინა წლებში დეფლაციითაც ხასიათდებოდა). ბოლო 5 წლის განმავლობაში ფასების მაქსიმალური დონეები 2020 წელს იყო 2 პროდუქტზე: წიწიბურასა და ხორბლის ფქვილზე. ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეულ პროდუქტზე ფასები ყოველწლიურად საშუალოდ 2.7%-დან 7.4%-ის ფარგლებში იმატებს, სასურსათო კალათის ფასები კი საშუალოდ 5.8%-ით. ცხადია ამ პერიოდში დაფიქსირებულია მაღალი ინფლაციის დონე, რაც დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას განსაკუთრებით მწვავედ აწუხებს, თუმცა, სუბსიდირების პროგრამა არ გულისხმობს ინფლაციის დონის კომპენსირებას, ის 3.0-ზე (ან 3.3) მაღლა აკორექტირებებს ვალუტის კურსის ცვლილებას და ფასების ,,დაჭერას’’ გულისხმობს, ხოლო ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარების ფონზე აღნიშნულ 9 პროდუქტს ნაკლები სუბსიდირება დასჭირდება, შესაბამისად სუბსიდირებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.


სასურსათო მარაგები და ადგილობრივი წარმოება

არასრული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების გამო შესაბამისი ანალიზიც არასრულია და არ მოიცავს ყველა პროდუქტის დეტალურ შეფასებას ! რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, 2015-2019 წლებში შემცირებულია მთლიანი ნათესი ფართობები  (263,7 ათასი ჰექტრიდან 206,6 ათას ჰექტრამდე), ასევე შემცირებულია  ხორბლისა (4.2 ათასი ჰექტრით) და ლობიოს (2018წ. - 0.1 ათასი ჰექტრით) ნათესი ფართობები. საშუალო მოსავლიანობა (ტ/ჰა) თითქმის უცვლელია, რაც ერთ-ერთი იმის მანიშნებელიცაა რომ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მწარმოებლურობის ზრდა ვერ ხდება, რისი მთავარი მიზეზიც სოფლის მეურნეობის დარგის დაბალი კაპიტალიზაცია და მცირე ფინანსებია. წარმოებული ხორბლის 80% პროცენტი კახეთზე მოდის, რაც შეეხება ლობიოს წარმოებას, ყველაზე დიდი წილით შიდა ქართლი (41%) გამოირჩევა.



ბოლო წლებში შემცირებული ხორბლის წარმოების პირობებში, ქვეყანაში არსებული ხორბლის 80,7% იმპორტირებულია. ხორბლის მარაგები 2018 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით შეადგენდა 76 ათას ტონას, ანუ მარაგები ერთ მოსახლეზე იქნება 20.4 კგ, საშუალო წლიური მოხმარება 130 კგ-ია, ხოლო საშუალო თვიური 10.8 კგ, მაშინ წლიური მარაგი შესაძლებლობას იძლევა რომ დაახლობით 2 თვე დააკმაყოფილოს მოთხოვნა.

რძე და რძის პროდუქტების წარმოება შედარებით განვითარებულია, იმპორტის წილი შეადგენს 18,9%-ს, ხოლო დანარჩენი 81,1% ადგილობრივი წარმოებისაა. ამ პირობებში რატომ გახდა რძის ფხვნილის იმპორტის დასუბსიდირება საჭირო? როცა ადგილობრივი წარმოება შედარებით განვითარებულია, მოხმარების უზრუნველყოფაც ხდება და ინფლაციის მაჩვენებლებიც არ არის მაღალი. რაც შეეხება მარაგებს, ერთ მოსახლეზე მარაგი 4.5 ლიტრია, ხოლო საშუალო მოხმარება 14.8 ლიტრი, ამ შემთხვევაში მარაგები ვერ უზრუნველყოფს მოხმარების უზრუნველყოფას, თუმცა გასათვალისწინებელია პროდუქტის სპეციფიკა და მისი ვარგისიანობა დროში, ამავე დროს განვითარებული ადგილობრივი წარმოების პირობებში შესაძლებელია მოთხოვნის დაკმაყოფილება.

2019 წელს საკვები ზეთის 99% იმპორტირებულია, ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს მაკარონის ბაზარზე სადაც 97% იმპორებულია.

რაც შეეხება მოხმარების სტრუქტურას, საქსტატის მონაცემებით მთლიან სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 9 პროდუქტისა და მასთან გათანაბრებული პროდუქტების მოხმარების წილი 18,6%-ია, კონკრეტულად 9 პროდუქტისთვის ცხადია უფრო ნაკლები. ამასთან ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მცირე კლების ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვან წილს ინარჩუნებს ბაზარზე, თუმცა არა გადამწყვეტ და აბსოლუტურ უპირატესობას სხვა პროდუქტებთან მიმართებით.



საბოლოო შეჯამების სახით შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემდეგი დასკვნა:

1. აღნიშნული პროდუქტების ბაზარი მკვეთრად იმპორტდამოკიდებულია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიმართულებებით გვაქვს ადგილობრივი წარმოების განვითარების პოტენციალი, ამ მხრივ ყველაზე მეტად განვითარებულია რძე და რძის პროდუქტების წარმოება, სადაც იმპორტის წილი შეადგენს 18,9%-ს, პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე ამ მიმართულებით იმპორტიორების აქტივობაც ნაკლებია. ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები და მისი წარმოება კი წლიდან წლამდე მცირდება.
2. აღნიშნულ პროდუქტებზე გვაქვს შედარებით მაღალი ინფლაცია, თუმცა აღნიშნული პროდუქტები არ წარმოადგენდნენ ყველაზე მეტად გაძვირებულ სასურსათო პროდუქტებს და ინფლაციის კრიტიკული მაჩვენებლები არ დაფიქსირებულა (გარდა წიწიბურის ფასისა). სუბსიდირების პროგრამა კი არ გულისხმობს ინფლაციის დონის კომპენსირებას და ის ვალუტის კურსის ცვლილების დაკომპენსირებას ითვალისწინებს, ხოლო ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ტენდენციიდან გამომდინარე სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტიდან შედარებით ნაკლები დანახარჯი უნდა მოხდეს, შესაბამისად ამ ბიუჯეტის მკაცრი კონტროლი უნდა განხორციელდეს.

4. სუბსიდირებით ისარგებლებს როგორც მაღალი, ასევე დაბალი სოციალური ფენა, რაც შეიძლება არასამართლიანიც იყოს. საკითხი შესაძლოა ასე დასმულითო, შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული სუბსიდირებული თანხები მოხმარებოდა იმ სოციალური ჯგუფის ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება, რომელთაც დროთა გასვლის, შემოსავლებისა და დანაზოგების მინიმუმამდე დაყვანის შემდეგ იმ დასუფსიდირებული ფასის პროდუქტის შეძენაც გაუჭირდებათ. ეროვნული ბანკისა და მთავრობის ამოცანები კი ლარის სტაბილური დონის მიღწევა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა უნდა იყოს.

3. მოხმარების სტრუქტურაში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში აღნიშნულ პროდუქტებს 18,6%-მდე უჭირავს, რაც მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს სამომხმარებლო სტრუქტურაში, თუმცა არა გადამწყვეტ და აბსოლუტურ უპირატესობას სხვა პროდუქტებთან მიმართებით.

4. 20-მდე ძირითადი იმპორტიორის დასუბსიდირება ზღუდავს იმპორტის ბაზარზე კონკურენციას, წარმოშობს ოლიგოპოლიური ბაზრის შექმნის რისკსა და დანარჩენი იმპორტიორების ფინანსური წაგების საშიშროებას, მაღაზიებიც მომწოდებლის ფასის გამო არაკონკურენტულ და უთანაბრო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამავე დროს ბაზარზე შედარებით იაფი პროდუქტის შეძენის მოტივით, კიდევ უფრო გაიზრდება 20-მდე იმპორტიორზე და მათ მიერ შემოტანილ პროდუქტებზე მოთხოვნა.

5. ქმნის კორუფციის რისკს საბაჟოზე და სახელმწიფო უწყებებში დოკუმენტების გაფორმებისას, ასევე ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, იმპორტიორების არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ქცევა და პროდუქტების მაღალ ფასში გაფორმება სახელმწიფოსგან მეტი სუბსიიდიის მიღების მოტივით, საბოლოოდ ოლიგოპოლიური ბაზრის შექმნა.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა სოფლის მეურნეობის განვითარების საჭიროება. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის მრავალი პრობლემაა: მიწის დამუშავება, დათესვა, თანამედროვე ტექნოლოგიები, სარწყავი სისტემა, აგრო დაზღვევა და ა.შ. მაგრამ, მთავარი პრობლემა არის ფინანსები. ფინანსების მოზიდვა კი მას საკუთარი კაპიტალიდან უნდა შეეძლოს, საკუთარ კაპიტალს კი მიწა წარმოადგენს. თუმცა დღეს მიწის დაბალი ფასის გამო ვერ ხდება ფინანსების მოზიდვა. მიწის დაბალი ფასის მიზეზი არის მოსახლეობის დაბალმყიდველუნარიანობა და მცირე ბიზნეს აქტივობა რაც მიწაზე ნაკლებ მოთხოვნას ქმნის, ხოლო მეორეს მხრივ მთავარი მესაკუთრე ჯერ კიდევ სახელმწიფოა, რომლის საკუთრებაშიც სასოფლო-სამეურნეო მიწების 60%-მდეა და ბაზარზე (აუქციონებით) ჭარბად და დაბალ ფასად მიწოდების პირობებში კერძო საკუთრების მიწების ფასსაც ამცირებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის გამოწვევას კი უნდა წარმოადგენდეს მიწის კაპიტალიზაციის ზრდა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მიწის რესურსების ეფექტიანი ათვისება.