რამდენად სეისმომედეგია შენობები თბილისსა და საქართველოში? - ამ თემაზე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, 1990-იან წლებამდე აშენებული კორპუსების აბსოლუტური უმრავლესობას ექსპლუატაციის ვადა უკვე გასული აქვს, 1990-იანი წლების შემდეგ აშენებული კორპუსები კი, რაც საერთო რაოდენობის ნახევარია, ვადა ერთიანად, 50-70 წლიან პერიოდში გაუვა. როსტომაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია 1,5 მლნ-იან ქალაქს საბინაო ფონდთან მიმართებით გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა უნდა გააჩნდეს.
„სახლი რომ აშენდება და ექსპლუატაციაში ბარდება, იმას აქვს თავის მოვლის წესები, არ შეიძლება რაღაც მიაშენო, მზიდე კედელი დაანგრიო. ისტორიულ ზონაში მდებარე თბილისური ეზოების ისტორია არის ასეთი, ეს სახლები იყო მდიდარი ვაჭრების, რომელიც განკუთვნილი იყო ერთი ოჯახისთვის, მერე ბოლშევიკებმა შეასახლეს იქ 10-15 ოჯახი და ზოგმა ხის გადახურვაზე ბეტონი დაასხა, ზოგმა მილი და კანალიზაცია გაიყვანა, ანუ წარმოუდგენლად გადაკეთდა.
თბილისი დაიგეგმა კომუნისტების პერიოდში და ქალაქი იყო ნახევარ მილიონიანი, 10-15 წლიან პერიოდში კი მოსახლეობა გაორმაგდა, ანუ ეს ნიშნავს, რომ თბილისის საცხოვრებელი ფონდის რაოდენობაც გაორმაგდა. შესაბამისად, სახლები, რომლებიც თბილისშია, ძალიან მოკლე პერიოდშია აშენებული, ეს კი ნიშნავს, რომ 50-70 წელიწადში ერთდროულად გაუვა ექსპლუატაციის ვადა. 1990-იან წლების მერე რაც აშენდა, ეს არის მთელი საცხოვრებელის 20%", - განაცხადა როსტომაშვილმა.
მისი თქმით, საკითხს აუცილებლად სჭირდება გრძელვადიანი დაგეგმვა. "არ შეიძლება მიწისძვრიდან მიწისძვრამდე გვახსოვდეს რაღაც, ამას სჭირდება დაჯდომა და გრძელვადიანი გეგმის გაკეთება საბინაო ფონდთან მიმართებით. წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ქვეყნის ბიუჯეტმა აიღოს ქალაქი და თავიდან ააშენოს“, - განაცხადა როსტომაშვილმა.