29.აგვისტო .2020 21:41

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს თელასს?

views 1657
უკან

სს “თელასი” საქართველოს დედაქალაქის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელია. კომპანიას თბილისში 600,000-ზე მეტი რეგისტრირებული აბონენტი ჰყავს. სს “თელასმა” 2019 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის წმინდა მოგება 2019 წელს 49%-ით, 14 მილიონ ლარამდე შემცირდა.

EY-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სს “თელასმა” 2019 წელს 453 მილიონი ლარის ღირებულების 2.747 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის რეალიზაცია მოახდინა.

ცალკეული წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 163.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 1.28%;
● კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 258 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2.85%;
● სახელმწიფო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 25.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2.56%;
● ელექტროენერგიის ტრანზიტი - 5.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.2%.

თელასისთვის ყველაზე დიდი ხარჯი სარეალიზაციო ელექტროენერგიის შესყიდვა იყო რამაც 2019 წელს 246.6 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიისთვის გადაცემის და დისპეჩერიზაციის ხარჯები 71 მილიონი ლარი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელმა სარეზერვო სიმძლავრის გადასახადმა კი 44.2 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში სს “თელასმა” ელექტროენერგიის შესყიდვაზე 361.9 მილიონი ლარი დახარჯა.

კომპანიაში დასაქმებული 2 ათასი თანამშრომლის სახელფასო ხარჯი კი 58 მილიონი ლარი იყო.

სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველოს მთავრობა აქციათა მინორიტარულ პაკეტს - 24.53%-ს ფლობს. ქართულ სახელმწიფოს კომპანიის აქციონერებში სს “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს. “თელასის” დარჩენილ 0.36%-ს კერძო პირები ფლობენ.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ საქართველო კომპანიაში არსებულ მინორიტარულ წილს გაასხვისებს.

მმართველობითი ანგარიშგების მიხედვით, კომპანია მის ოპერირებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რისკებში მიუთითებს, რომ არსებობს ალბათობა, რომ “სემეკ”-მა “თელასს” დაუდგინოს ისეთი ტარიფი, რომელიც კომპანიის ხარჯებს არ ფარავს.

“დარგობრივ რისკებს შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფოს მიერ ტარიფების დაუსაბუთებელი რეგულირება და რისკი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მიერ ისეთი ტარიფების შესაძლო დამტკიცებასთან, რომელიც არ ფარავს საზოგადოების ხარჯებს. კომპანიაში ტარდება გეგმაზომიერი მუშაობა სემეკ-თან ამ რისკის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით”- წერია ანგარიშგებაში.

“თელასის” მთლიანი აქტივების ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 362.9 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა