მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის დღგ დაუბრუნდა ბიზნესს 2020 წელს და რა თანხა დაბრუნდება წლის ბოლომდე?

5fb62b33c8cad
ინგა მურუსიძე
19.11.20 12:33
1023
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, წლის ბოლომდე დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამით, გადამხდელებს მილიარდამდე ლარი დაუბრუნდებათ.

ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამაზე ისაუბრა და თქვა, რომ არსებული ეკონომიკური პრობლემების პირობებში, პროგრამის ამოქმედება ძალიან კარგი გზავნილია ყველასთვის.

„აქამდე პროგრამას ნახევრადავტომატურს ვეძახდით. როგორც იცით, დღგ-ს ზედმეტობა გადამხდელის ანგარიშზე გროვდებოდა და ღილაკის ერთი დაჭერით ხდებოდა თანხის დაბრუნება, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ ავტომატურ რეჟიმში, ყოველგვარი დასტურის გარეშე, თითოულ გადამხდელს, რომელსაც აქვს დღგ-ს ზედმეტობა, ავტომატურად დაუბრუნდება ანგარიშზე. ბოლო პერიოდში ბაზები კიდევ გასწორდა, ყველა მონაცემი სრულად არის შეყვანილი, რისკის ანალიტიკური პროგრამა არის შემუშავებული, რომლის მიხედვითაც დღგ მართლა არის დასაბრუნებელი და ვცდილობთ ავიცილოთ რისკი, რომ თაღლითურ სქემებს ადგილი არ ჰქონდეს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, 2019 წელს სახელმწიფომ 614 მლნ ლარი დააბრუნა, ხოლო წელს, დღეის მონაცემებით, უკვე 811 მლნ დააბრუნა და წლის ბოლომდე ეს რიცხვი მილიარდ ლარამდე ავა.

„პანდემიური კრიზისის და იქიდან გამოწვეული ეკონომიკური შენელების ფაზაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსებულ სიტუაციაში ეს ძალიან სერიოზული განაცხადია, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს რეფორმას არათუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, რეფორმის შედეგად, გადამხდელის მიმართ ბიუჯეტის ვალი აღარ იარსებებს.