მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რამდენიმე დღეში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდება“ - ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

627e4e867a465
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.22 16:24
19319
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბლის იმპორტის კლების პირობებში, რამდენიმე დღეში ყველა ადგილობრივი წისქვილკომბინატი გაჩერდება. ამის შესახებ ლევან სილაგავამ BM.GE-სთან განაცხადა.

მან განმარტა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 50-მდე წისქვილკომბინატი მოქმედებდა, რომელთაგან 20 საშუალო და მსხვილია, გასული წლის შემდეგ რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საექსპორტო ბაჟის გამო, ამ საქონლის იმპორტის კლებამ მცირე წისქვილკომბინატების გაჩერება უკვე გამოიწვია, დღეისთვის კი საშუალო და მცირე ხორბლის გადამამუშავებლებიც ჩერდებიან, რადგან ქვეყანაში ხორბლის მარაგები იწურება.

ლევან სილაგავა იმასაც აღნიშნავს, რომ იმპორტის გამო ქვეყანას ფქვილის მარაგები გააჩნია.

„ქვეყანაში ხორბლის მხოლოდ 10 დღის მარაგი გვაქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პურის ქარხნებს ფქვილი არ მიეწოდებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ფქვილის იმპორტი გაზრდილია, არსებული ფქვილის მარაგები უკვე ქარხანაშია. თვეების განმავლობაში ხორბლის მარაგების შემოტანა არ ხორციელდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის და ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით დაბეგვრის განსხვავებული საბაჟო რეჟიმი მოქმედებს. ფქვილის იმპორტისას გადასახადი ნულის ტოლია, ხორბლის შემთხვევაში კი რუსეთიდან ხორბლის შემოტანისას გადასახდელი ბაჟი 120 დოლარია.

წინა თვეში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით ფქვილის იმპორტი 11-ჯერ გაიზარდა.

ხორბლის მარაგების ამოწურვა პრობლემას ადგილობრივ წარმოებებს უქმნის - წისქვილები და ინდუსტრია ჩერდება, პრობლემა ხდება ის, რომ ფქვილთან ერთად არ იფქვება ქატო, რაც მეცხოველეობაში მოიხმარება და ინდუსტრიაში დასაქმებული რამდენიმე ათასი ადამიანი უმუშევრად რჩება. დღეისთვის დიდ წისქვილკომბინატებს მცირე ნაშთები აქვთ დარჩენილი, რომელთა ამოწურვის შემდეგ ისინიც გაჩერდებიან“, - განაცხადა სილაგავამ.

ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ დღეს აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით მთავრობის მეთაურს მიმართა და მინისტრთა კაბინეტის მხრიდან კონსოლიდირებული პოზიციის მოსმენას ელის.

„ჩვენ დღეს განცხადებით პრემიერ მინისტრს მივმართეთ. მასთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად გვინდა ერთიანი კონსოლიდირებული გადაწყვეტილების მიღება და პრემიერთან ამ საკითხზე კომუნიკაცია. გვინდა გრძელვადიანად ვიცოდეთ, შეგვეძლება თუ არა წისქვილების მუშაობის გაგრძელება, თუ ფაქტობრივად ჩვენც ფქვილის იმპორტზე უნდა გადავიდეთ, რა დროსაც წისქვილკომბინატები იმპორტიორებად გადაიქცევიან და აღარ იქნება ადგილობრივი წარმოება“, - უთხრა BM.GE-ის სილაგავამ.