მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის III ეტაპი?

63db675f3ce38
მარიამ ვარადაშვილი
02.02.23 11:41
1567
დღეს, 2 თებერვალს, თბილისის მერიამ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ პრეზენტაცია გამართა. როგორც ცნობილია, რეფორმის ბოლო ეტაპი პირველი აპრილიდან უნდა ამოქმედდეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მესამე ეტაპის დროს ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვების გაცემა უვადო გახდება. რეფორმის ამ ეტაპზე ასევე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვების ბაზარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვების მფლობელს მისი ყიდვა/გაყიდვა ან/და იჯარით გაცემა შეეძლება. აქედან გამომდინარე, მერიაში მიაჩნიათ, რომ ტაქსის ნებართვა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ფინანსური აქტივი იქნება.

მერიის ინფორმაციითვე, 20 მარტიდან შეწყვეტენ არსებული სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას, ხოლო აპრილიდან მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით [რეფორმის მესამე ეტაპით] გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს.

კერძოდ, ნებართვებს გადასცემს ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში, ერთხელ მაინც ფლობდა ან აიღებს A კატეგორიის ნებართვას.

ამასთან, აპრილიდან A კატეგორიის ნებართვა მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის უფლებით მიღების გზით იმ პირისგან, რომელიც საკუთრებაში ფლობს ამ ნებართვას. აღსანიშნავია, რომ ტაქსის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

გაცემული ახალი A კატეგორიის ნებართვის აქტივაცია იქნება საჭირო, რომელიც მფლობელმა 1-ელი აპრილიდან 2024 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა გაააქტიუროს.

თუ მფლობელი დადგენილ ვადაში არ გააქტიურებს ნებართვას, ის გაუქმდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, A კატეგორიის ნებართვის საფასური უცვლელია და დღიურად დაანგარიშდება.

“ფიზიკურ პირებს, ვისაც არასოდეს აუღიათ A კატეგორიის ნებართვა და ახორციელებენ ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიის ბაზარზე ტაქსის მომსახურება, ახალი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2023 წლის 20 მარტამდე აიღებენ დღეს A კატეგორიის ნებართვას”,-აცხადებენ მერიაში.

ამასთან, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება სრულიად ახალი, თანამედროვე, გამართული ელექტრონული სისტემა taxi.tbilisi.gov.ge

მერიაშ განმარტავენ, რომ სისტემის მეშვეობით ნებართვის მფლობელი შეძლებს მართოს პირადი პროფილი, A და B კატეგორიის ნებართვები,
დაკავშირებული მძღოლები და ავტომობილები. ასევე, სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება A კატეგორიის ნებართვების ყიდვა/გაყიდვა
და იჯარის ფორმით გაცემა.

რეფორმის მესამე ეტაპი ტაქსებისთვის რაიმე გადასახადის დაწესებას არ ითვალისწინებს.