მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს EU-ს წევრობა ეკონომიკური პროცესებისთვის? - AMCHAM-ის შეფასება

62a5ec463be03
მარიამ ვარადაშვილი
12.06.22 20:00
1048

AMCHAM-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯორჯ ველტონის განცხადებით, ევროკავშირის წევრობა საქართველოს ბევრი კუთხით მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. ასე უპასუხა მან BMG-ის გადაცემა Checkpoints-ის კითხვას - რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კუთხითაც.

“ევროკავშირის წევრობა ძალიან დიდი წინ გადაგდმული ნაბიჯია. იმ დროს, როცა ასოცირებული ხელშეკრულება შესაძლებლობას გვაძლევს წვდომა გვქონდეს ევროკავშირის ბაზართან სავაჭრო შეზღუდვების გარეშე, უვიზო მიმოსვლა ქვეყნებს შორის მიმოსვლას ამარტივებს, ფუნდამენტარად ახალია, იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. ეს ძირითადად ითარგმნება იმაში, რომ მსოფლიო ხედავს შენს ქვეყანას ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ადამიანის უფლებების ან საინვესტიციო კუთხით უფრო მეტად ბაზარზე ორიენტირებულად და დასავლური ორიენტაციისას, ვიდრე აქამდე იყო. შენ გაქვს ინსტიტუტების მთელი რიგი, რაც უდიდეს თავდაჯერებას აძლევს, მათ ვისაც აქ ინვესტირება უნდა”,-აცხადებს ველტონი.



მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ამ პროცესში ჩართული მხარეების თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, საქართველო ასოცირებული წევრებიდან ყველაზე წარმატებულია.

ცნობისთვის, 6 ივნისს ინვესტორთა საბჭოში შემავალმა ბიზნესასოციაციებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს წერილი გაუგზავნეს, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში მხარდაჭერას სთხოვენ. ღია წერილზე ერთ-ერთი ხელმომწერი AMCHAM-ც არის.

“ინვესტორთა საბჭო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ ფართო საკითხებზე მუშაობს. ახლანდელი განაცხადი, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციური ტრანსფორმაციის პროცესია, რაც კი ჩემი აზრით, საქართველოში შესაძლოა დამოუკიდებლობის შემდეგ ყოფილა. ჩვენ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებს ვცდილობთ ბიძგი მივცეთ, რომ საქართველომ ეს სტატუსი მიიღოს", - განაცხადა ველტონმა.