„ფინანსთა სამინისტრო, რომელიც დღეს უკვე მუშაობს ამ საკითხზე, უნდა მივიდეს და ესაუბროს სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩართულები არიან OECD-ის ამ შეფასების მომზადებაში და ისინი დაარწმუნოს, რომ რისკის რეიტინგი საქართველოსთვის დღეს გადაჭარბებულად ნეგატიურია“ – ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ველტონმა „ანალიტიკა“–ს განუცხადა.
OECD ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ქვეყნების რისკის დონესთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ქვეყნები 0-დან 7-მდე კატეგორიით ფასდებიან, სადაც 0 საუკეთესო ქულაა, ხოლო 7 ყველაზე დაბალი. 2007 წლიდან მოყოლებული ამ ანგარიშში საქართველოს შეფასება უცვლელია და ის 6 ქულას შეადგენს. ანალოგიური ქულა აქვს საქართველოსთან შედარებით ერთ მოსახლეზე მშპ-ის უფრო დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, ბენინს, ბუტანს, ნეპალს, ტანზანიას, ანგოლას, სვაზილენდს, პაპუა ახალ გვინეასა და სხვებს. შედარებისთვის, თურქეთის კატეგორია საქართველოზე დაბალია და 7-ს შეადგენს, აზერბაიჯანის შეფასება კი საქართველოზე ორი საფეხურით მაღალია და ის 4-ს შეადგენს. უკრაინას და რუსეთს თურქეთის ანალოგიურად მე–7 კატეგორია აქვთ მინიჭებული. ყაზახეთს და უზბეკეთს კი მე–5 კატეგორია. აღმოსავლეთ ევროპაში ბულგარეთისა და რუმინეთის კატეგორია არის 3, მოლდოვის – 7, სერბეთის – 4, ხორვატიის – 3, ალბანეთის კი – 5 ქულა.
"პრემიერთან გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 14 ივლისს გაიმართა, ამ ანგარიშში საქართველოს პოზიციაზეც იმსჯელეს. ამჟამად საქართველო მეექვსე კატეგორიაშია. ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუძლია შეამციროს რისკ პრემიუმის განაკვეთი და პროექტების დაფინანსების ღირებულება“, - ნათქვამია ინვესტორთა საბჭოს სხდომის ოქმში.
საკითხი დღის წესრიგში ამერიკის სავაჭრო პალატამ დააყენა.ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი „ანალიტიკა“–ს ეუბნება, რომ საქართველოს რისკის ასეთი ნეგატიური შეფასება ალოგიკურია, რადგან სხვა ქვეყნებს, რომელთაც ამ რეიტინგში უკეთესი ქულა აქვთ, გაცილებით ცუდი შეფასება აქვთ – სხვა – მაგალითად, Fitch–ის, Moody’s–ის და S&P–ის რეიტინგებში.
OECD ამბობს, რომ “ქვეყნის რისკის კლასიფიკაცია მიზნად ისახავს ქვეყნის რისკის გამოხატვას. ქვეყნის რისკი მოიცავს სატრანსფერო და კონვერტაციის რისკებს, მაგალითად რისკს, რომ მთავრობა დააწესებს კაპიტალის კონტროლს, რომელიც პირებს ადგილობრივი ვალუტის უცხოურ ვალუტაში კონვერტირებას შეუზღუდავს ან შეზღუდავს საგარეო კრედიტორებისთვის ვალების მომსახურების შესაძლებლობას. ასევე გათვალისწინებული ფორსმაჟორის ალბათობა, მათ შორის ომების, ექსპროპრიაციის, რევოლუციის, სამოქალაქო დაძაბულობის, დამანგრეველი წყალდიდობებისა და მიწისძვრების ალბათობა. ქვეყნის რისკის კლასიფიკაცია არ არის სუვერენული რისკის კლასიფიკაცია და მათი შედარება არ უნდა მოხდეს სუვერენული რისკის იმ ანგარიშებთან, რომლებსაც კერძო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები“.
ჯორჯ ველტონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რისკის შეფასების განსხვავებულ ინდექსებს საკუთარი წესები და რეგულაციები აქვს, ლოგიკა მაინც საერთოა – მაგალითად, უცნაური იქნებოდა ქვეყანას საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდეს S&P-ის რეიტინგში და ძალიან დაბალი, ვთქვათ, Moody’s-ის რეიტინგში. „რეალობაშიც – ეუბნება ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ს – ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა ამ ორ რეიტინგში ასე თუ ისე საერთო ტრაექტორიით მოძრაობს . ამ შემთხვევაშიც, მოლოდინი იქნებოდა, რომ OECD-ის ინდექსშიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს განსხვავებული ინდექსია, საქართველოს დიამეტრალურად განსხვავებული შედეგები არ ჰქონდეს“.
როგორც ჯორჯ ველტონი „ანალიტიკა“–სთან განმარტავს, სხვა ინდექსებთან ერთი განსხვავება ისიც არის, რომ OECD თავისი შეფასებების ყოველწლიურ განახლებას არ ახდენს.
„თუ OECD–ის წევრი ქვეყნები რომელიმე კონკრეტული ქვეყნის შეფასების აუცილებლობას დღის წესრიგში არ დააყენებენ – რჩება მიმდინარე რეიტინგი და ეს განაპირობებს სწორედ იმას, რომ ამ რეიტინგში საქართველო სხვა რეიტინგებთან თანხვედრაში არ მოძრაობს“, – ამბობს ჯორჯ ველტონი.
მისივე თქმით, პირველი აუცილებელი ნაბიჯი ორგანიზებაა იმისთვის, რომ ყველა მტკიცებულება თუ არგუმენტი მივიდეს კონკრეტულ ქვეყნებამდე, რომლებიც შემდეგ OECD-ის საქართველოს შესახებ ახალ შეფასებას მოსთხოვენ. „დარწმუნებული ვარ, რომ თუ OECD თავის ძველ შეფასებას გადახედავს, რეიტინგი გაუმჯობესდება“, – ამბობს ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი.