მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვჭირდება, OECD-ის წევრი ქვეყნები დავარწმუნოთ, განახლდეს შეფასება“ – ჯორჯ ველტონი რეიტინგში საქართველოს 16–წლიან სტაგნაციაზე

ოესიდი

„აქ პრობლემა თავად შეფასება კი არაა, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, არამედ, ფაქტია, რომ შეფასება კარგა ხანია არ განუახლებიათ, რადგან OECD სხვა შემფასებელი ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ქვეყანაში არ მოავლენს შემფასებლებს ყოველწლიურად“ – ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ველტონმა „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში OECD-ის იმ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ქვეყნების რისკის დონეს ადგენს.

OECD ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ქვეყნების რისკის დონესთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ქვეყნები 0-დან 7-მდე კატეგორიით ფასდებიან, სადაც 0 საუკეთესო ქულაა, ხოლო 7 ყველაზე დაბალი. 2007 წლიდან მოყოლებული ამ ანგარიშში საქართველოს შეფასება უცვლელია და ის 6 ქულას შეადგენს. ანალოგიური ქულა აქვს საქართველოსთან შედარებით ერთ მოსახლეზე მშპ-ის უფრო დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, ბენინს, ბუტანს, ნეპალს, ტანზანიას, ანგოლას, სვაზილენდს, პაპუა ახალ გვინეასა და სხვებს. შედარებისთვის, თურქეთის კატეგორია საქართველოზე დაბალია და 7-ს შეადგენს, აზერბაიჯანის შეფასება კი საქართველოზე ორი საფეხურით მაღალია და ის 4-ს შეადგენს. უკრაინას და რუსეთს თურქეთის ანალოგიურად მე–7 კატეგორია აქვთ მინიჭებული. ყაზახეთს და უზბეკეთს კი მე–5 კატეგორია. აღმოსავლეთ ევროპაში ბულგარეთისა და რუმინეთის კატეგორია არის 3, მოლდოვის – 7, სერბეთის – 4, ხორვატიის – 3, ალბანეთის კი – 5 ქულა.

ამერიკის სავაჭრო პალატამ რეიტინგში საქართველოს ქულის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ინვესტორთა საბჭოს ფორმატში, საკუთარი წევრი კომპანიების მიმართვის საფუძველზე ისაუბრა. 14 ივლისის ინვესტორთა საბჭოს ოქმში ჩაიწერა, რომ „ამჟამად საქართველო მეექვსე კატეგორიაშია. ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუძლია, შეამციროს რისკ პრემიუმის განაკვეთი და პროექტების დაფინანსების ღირებულება“.

„ამდენად, გვჭირდება, რომ OECD-ის წევრი ქვეყნები დავარწმუნოთ, განახლდეს ძველი შეფასება. ახლა რთულია იმის თქმა, თუ რომელ კომპონენტში გაგვიუმჯობესებენ პოზიციას, თუმცა სხვა საკრედიტო სააგენტოების შეფასების მაგალითზე, ჩვენ ნამდვილად გაგვიუმჯობესებია პოზიციები ძალიან ბევრი კომპონენტის მიხედვით და ვფიქრობ, იგივე ლოგიკა ამ შემთხვევაშიც იმუშავებს“ – ამბობს ჯორჯ ველტონი „ანალიტიკა“–სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები