მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პალატის რამდენიმე წევრმა კითხვებით მოგვმართა“ – ჯორჯ ველტონი OECD-ის რეიტინგში საქართველოს 16–წლიან სტაგნაციაზე

ჯორჯ ველტონი

OECD ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ქვეყნების რისკის დონესთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ქვეყნები 0-დან 7-მდე კატეგორიით ფასდებიან, სადაც 0 საუკეთესო ქულაა, ხოლო 7 ყველაზე დაბალი. 2007 წლიდან მოყოლებული ამ ანგარიშში საქართველოს შეფასება უცვლელია და ის 6 ქულას შეადგენს. ანალოგიური ქულა აქვს საქართველოსთან შედარებით ერთ მოსახლეზე მშპ-ის უფრო დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, ბენინს, ბუტანს, ნეპალს, ტანზანიას, ანგოლას, სვაზილენდს, პაპუა ახალ გვინეასა და სხვებს. შედარებისთვის, თურქეთის კატეგორია საქართველოზე დაბალია და 7-ს შეადგენს, აზერბაიჯანის შეფასება კი საქართველოზე ორი საფეხურით მაღალია და ის 4-ს შეადგენს. უკრაინას და რუსეთს თურქეთის ანალოგიურად მე–7 კატეგორია აქვთ მინიჭებული. ყაზახეთს და უზბეკეთს კი მე–5 კატეგორია. აღმოსავლეთ ევროპაში ბულგარეთისა და რუმინეთის კატეგორია არის 3, მოლდოვის – 7, სერბეთის – 4, ხორვატიის – 3, ალბანეთის კი – 5 ქულა.

რეიტინგში საქართველოს დაბალმა ქულამ ამერიკის სავაჭრო პალატის რამდენიმე ინვესტორს სესხი გაუძვირა. მათ კითხვებით პალატას მიმართეს, პალატამ კი საკითხი 14 ივლისის ინვესტორთა საბჭოზე დააყენა. შედეგად, ინვესტორთა საბჭოს ოქმში ჩაიწერა, რომ „ამჟამად საქართველო მეექვსე კატეგორიაშია. ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუძლია, შეამციროს რისკ პრემიუმის განაკვეთი და პროექტების დაფინანსების ღირებულება“.

საკითხზე "ანალიტიკა" ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) აღმასრულებელ დირექტორს ჯორჯ ველტონს ესაუბა.

რატომ მიაქციეთ ყურადღება OECD-ის ამ ანგარიშს? ბოლო ინვესტორთა სხდომაზე ამერიკის სავაჭრო პალატამ დააყენა ეს საკითხი დღის წესრიგში ..

ეს საკითხი წინა პლანზე წამოვწიეთ, რადგან ჩვენი პალატის რამდენიმე წევრმა კითხვებით მოგვმართა. მათი შეფასებით, ქვეყნის რისკის პროფილი ამ ინდექსში იმაზე დაბალია, ვიდრე უნდა იყოს – და ამას ზოგიერთი კომპანიისთვის ნეგატიური შედეგები მოჰყვა – სესხების ფასი მათთვის გაძვირდა.

რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს დაბალი მაჩვენებელი ყველაზე უარესი მაქსიმალური 7 ქულიდან, 6 ქულა ბოლო 16 წლის განმავლობაში უცვლელია. რას შეეძლო გამოეწვია მსგავსი სტაგნაცია ერთ რეიტინგში?

დიახ. საქართველოს 6 ქულა აქვს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს – მაგალითად, უზბეკეთს, ბანგლადეშს, ჩრდილოეთ მაკედონიას – რომლებსაც ჩვენზე უარესი მაჩვენებლები აქვთ სხვა ინდექსებში – მაგალითად, S&P-ის, Moody’s–ისა და Fitch–ის რეიტინგებში – ამ ქვეყნებს ჩვენზე უკეთესი – 5 ქულა აქვთ OECD-ის ინდექსში. ამდენად, უკეთესი იქნება, თუ ჩვენც გავაუმჯობესებთ ჩვენს მაჩვენებელს – თუნდაც, 5 ქულამდე და როცა დასავლეთიდან იმპორტს განვახორციელებთ, ექსპორტის საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხს უფრო იაფად მივიღებთ. ფინანსთა სამინისტრო, რომელიც დღეს უკვე მუშაობს ამ საკითხზე – უნდა მივიდეს და ესაუბროს სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩართულები არიან OECD-ის ამ შეფასების მომზადებაში და ისინი დაარწმუნოს, რომ რისკის რეიტინგი საქართველოსთვის დღეს გადაჭარბებულად ნეგატიურია.

ერთ რამეს დავაზუსტებ: თქვენ ახსენეთ Fitch, Moodys, S&P, მაგრამ OECD-ის მეთოდოლოგიაში ხაზგასმულია, რომ ამ ინდექსის და სუვერენული ინდექსების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, რადგან OECD-ის საკუთარი მეთოდოლოგია აქვს ..

დიახ, ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს განსხვავებული ინდექსია და ყველა ინდექსს საკუთარი წესები და რეგულაციები აქვს. მაგრამ ყველა ამ ინდექსისთვის ლოგიკა საერთოა – უცნაური იქნებოდა, რომ ძალიან კარგი მაჩვენებლები გვქონდეს S&P რეიტინგში და ძალიან ცუდი – ვთქვათ, Moody’s-ის რეიტინგში. რეალობაშიც, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა ამ ორ რეიტინგში ასე თუ ისე საერთო ტრაექტორიით მოძრაობს . ამ შემთხვევაშიც, მოლოდინი იქნებოდა, რომ ამ ინდექსშიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს განსხვავებული ინდექსია, საქართველოს დიამეტრალურად განსხვავებული შედეგები არ ჰქონდეს. მიზეზი, რატომაც განსხვავება ასეთი დიდია ისიც არის, რომ OECD თავისი შეფასებების რეგულარულ გადახედვას არ ახდენს ყოველწლიურად – და თუ OECD–ის წევრი ქვეყნები რომელიმე კონკრეტული ქვეყნის შეფასების აუცილებლობას დღის წესრიგში არ დააყენებენ – რჩება მიმდინარე რეიტინგი და ეს განაპირობებს სწორედ იმას, რომ სხვა რეიტინგებთან თანხვედრაში არ მოძრაობს საქართველო. ამდენად, პირველი აუცილებელი ნაბიჯი ორგანიზებაა იმისთვის, რომ ყველა მტკიცებულება თუ არგუმენტი უნდა მივიდეს კონკრეტულ ქვეყნებამდე – შემდეგ ისინი ახალ შეფასებას მოთხოვენ OECD-ის საქართველოს შესახებ – და დარწმუნებული ვარ, რომ თუ OECD თავის ძველ შეფასებებს გადახედავს, რეიტინგი გაუმჯობესდება.

კომპონენტების მიხედვითაც რომ შევქმნათ უფრო ნათელი სურათი შესაძლოა, თქვენთვის კვლევა, რომელსაც საქართველოს მაჩვენებელი ეყრდნობა ამ რეიტინგში, უფრო ღია იყოს, რადგან ჩვენ ანალიზის წაკითხვის შესაძლებლობა არ გვაქვს ეს ინფორმაცია მედიისთვის როგორც ჩანს დახურულია. თქვენთვის ან თქვენი წევრებისთვის უფრო ნათლად ხომ არ ჩანს, რომელ კომპონენტს მიუძღვის წვლილი ამ 16წლიან სტაგნაციაში? ეკონომიკურს, პოლიტიკურს, რეგულირებისას, გაცვლითი კურსისას, სუვერენულს თუ გეოგრაფიულს ..

ვერ დავიჩემებ, რომ ამ საკითხში ღრმა ექსპერტი ვარ – მაგრამ ჩემი გაგებით აქ პრობლემა თავად შეფასება კი არაა, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, არამედ, ფაქტია, რომ შეფასება კარგა ხანია არ განუახლებიათ, რადგან OECD სხვა შემფასებელი ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ქვეყანაში არ მოავლენს შემფასებლებს ყოველწლიურად – ამდენად, გვჭირდება, რომ OECD-ის წევრი ქვეყნები დავარწმუნოთ, რომ განახლდეს ძველი შეფასება. ახლა რთულია იმის თქმა, თუ რომელ კომპონენტში გაგვიუმჯობესებენ პოზიციას, თუმცა სხვა საკრედიტო სააგენტოების შეფასების მაგალითზე, ჩვენ ნამდვილად გაგვიუმჯობესებია პოზიციები ძალიან ბევრი კომპონენტის მიხედვით და ვფიქრობ, იგივე ლოგიკა ამ შემთხვევაშიც იმუშავებს.

ჩემი ბოლო კითხვა და კიდევ ერთხელ, მადლობა თქვენი დროისთვის. გამოდის, თქვენი რეკომენდაციაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაამყაროს პირდაპირი კომუნიკაცია OECD-ისთან იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს ჩვენი პოზიცია ამ ინდექსში. რომელიც თავის მხრივ, გამოდის, მნიშვნელოვანია, რადგან თქვენს ინვესტორებს გარკვეულ პრობლემებს უქმნის ის მოცემულობა, რომ აქ ცუდად არის ქვეყანა და მისი რისკები წარმოდგენილი.

არ ვიცი, რა ხარისხით ითვალისწინებენ ინვესტორები – ზოგადად – ამ ინდექსს. ოფიციალურად, მას ძალიან სპეციფიკური დატვირთვა აქვს – ამ ინდექსს ძირითადად ქვეყნის ექსპორტის საკრედიტო ეროვნული სააგენტოები იყენებენ, როცა იღებენ გადაწყვეტილებას დააკრედიტონ თუ არა ექსპორტი. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია. თუმცა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ მაგალითად საქართველოში ფიზიკური აღჭურვილობის დიდი რაოდენობით ექსპორტს ეწევით, შეგიძლიათ ისესხოთ თანხა ამ პროდუქციის იმპორტისთვის უფრო იაფად, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოახერხებდით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ჰესების მშენებლებისთვის, სასტუმროს მფლობელებისთვის – დიდი ინვესტიციების შემთხვევაში, რადგან ინვესტირების ხარჯი იაფდება, ინვესტირება მარტივდება და მეტი და მეტი ინვესტირებისთვის ჩნდება მოტივაცია. ამდენად – დიახ, მიმაჩნია, რომ ლოგიკურია, რომ თუ ეს ქულა გაუმჯობესდება – ეს დაეხმარება საინვესტიციო კლიმატს გაუმჯობესებაში – მაგრამ არა იმიტომ, რომ ინვესტორები ზუსტად ისევე უყურებენ ამ ინდექსს , როგორც მაგალითად, Moody’s-ს ან Fitch–ს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, რამდენად ღირს საქართველოში ინვესტირება, არამედ – ამით, მათთვის ქვეყანაში ინვესტირება გაიაფდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები