მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აძლევს მთავრობა რიგ მუნიციპალიტეტებს 2030 წლამდე სსიპ-ების შექმნის უფლებას

5d861df5b9aa5
თელარა გელანტია
22.09.19 10:50
1483
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებული მოდელი მომზადდება, რაც გარკვეულ მუნიციპალიტეტებს სსსიპ-ების შექმნის უფლებას მისცემს.

აღნიშნული 19 სექტემბრის მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, ბევრი პრობლემა კურორტების ადმინისტრირებას უკავშირდება და ამის მიზეზი უმეტესად ისაა, რომ თვითმმართველობას არ გააჩნია საჭირო არც ფინანსური და არც ადამიანური რესუსრსი, ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვიცე–პრემიერი მიიჩნევს, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საჯარო სამართლის იურიდიული პირები უნდა შეიქმნას.

როგორც bm.ge-მ დამატებით გაარკვია, მუნიციპალიტეტების უფლება - შექმნან სსიპ-ები იმოქმედებს 2030 წლამდე, რის შემდეგაც ასეთი მოდელის მოქმედების საჭიროება გადაიხედება.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული მოდელის სამართლებრივი საფუძვლისთვის მომზადდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გაიზიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკრებულოების გადაწყვეტილებით, შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე. ეს სერვისებია - ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, პარკირების უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება. ამასთან, სსიპ-ს მიეცემა ისეთი უფლებები, როგორებიცაა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრობების გამართვის ორგანიზება, საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და სხვა.

ეფექტიანი საჯარო მმართველობის განხორციელება, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისთვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პირობები, მზარდია ტურიზმი და ინვესტიციების მოცულობა. შესაბამისად, მსგავსი უფლებებით აღჭურვილი მართვის ორგანო აუცილებელია ისეთი ტიპის საკურორტო თუ ტურისტულად აქტიური დასახლებებისთვის, როგორებიცაა ბაკურიანი, გუდაური, უშგული, ბახმარო, ურეკი, თუშეთი და სხვა”, - განმარტავენ ცქიტიშვილის უწყებაში.

მისივე ინფორმაციით, დასახლებებს, სადაც უნდა ამოქმედდეს მართვის ახალი მოდელი, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო სსიპ-ის დაფუძნების საკითხს მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად გადაწყვეტს.

ცნობისთვის: მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების შესასრულებლად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტს, ამიტომ სამინისტროში ფიქრობენ, რომ ამ ფუნქციის ქვეყნის მასშტაბით გავრცელება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის, რაც ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია.